საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი გიორგი წერეთელი აზერბაიჯანისა და თურქეთის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ.როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" პარალემნტიდან აცნობეს სამმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, სამმხრივი ეკონომიკური პროექტები. ხაზი გაუსვეს სამი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობას რეგიონის პოლიტიკურ-ეკონომიკური სტაბილურობისთვის. საუბარი ასევე შეეხო მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებს და რეგიონის წინაშე მდგარ პრობლემებს. მხარეები შეთანხმდენენ, რომ არსებული გამოწვევების ფონზე, აუცილებელია ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და მეტი ძალისხმევა რეგიონში ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის გასამყარებლად.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით - ძალიან კარგ ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი და სამმხრივი შეხვედრები და თანამშრომლობა ხელს შეუწყობს და გაამყარებს ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობას.
,,გავუზიარებთ ერთმანეთს ჩვენს ქვეყნებში არსებულ მდგომარეობას და მომავალში გადასადგმელ ნაბიჯებს სტრატეგიულად დავგეგმავთ. საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობა კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ჩვენს წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზების მოძიებას. აღნიშნულ ფორმატში შეხვედრებით მნიშვნელოვან გზავნილს ვაწვდით ჩვენს მოსახლეობას, რომ სამ ქვეყანას შორის საქმიანი ურთიერთობები რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტიაა. ჩვენ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა მივიტანოთ ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთან და ნათლად დავანახოთ, რას ნიშნავს ჩვენი რეგიონი და რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ არაკეთილმოსურნე მეზობლების გამო. თურქეთის მყარ პოზიციას საქართველოსთან მიმართებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თქვენ ჩვენი უშუალო მეზობლები ხართ. მე მოხარული ვარ, რომ მიუხედავად ჩვენს ქვეყნებს შიგნით არსებული ბევრი მგრძნობიარე თემისა, თანამშრომლობას, მეგობრობას და რეგიონალურ პარტნიორობას ვაგრძლებთ და ეს სამივე ქვეყნისთვის და მთლიანად რეგიონისთვის სიკეთის მომტანი იქნება", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა სამმხრივ შეხვედრაზე.
აზერბაიჯანის მილი მეჯლისის საგარეო და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სამად სეიდოვმა აღნიშნა, რომ: „მთავარი მიზანია მშვიდობა და ჰარმონიული, საქმიანი ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან. მე მჯერა, რომ ერთად ჩვენ კიდევ უფრო ძლიერები ვიქნებით. ერთად ყოფნა და ერთად რეგიონის კეთილდღეობისთვის შრომა პასუხისმგებლობების გაზიარებას გულისხმობს. ჩვენ გარდა ტერიტორიული მეზობლობისა, საერთო გეოპოლიტიკური ისტორია გვაქვს. მოხარული ვართ, რომ სამმხრივი ინიციატივა განხორციელდა, უკვე მეორე შეხვედრა ჩავატარეთ და არა მხოლოდ საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტების, არამედ სხვა საპარლამენტო ჯგუფების და კომიტეტების დონეზეც უნდა დაიგეგმოს შეხვედრები, რაც კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას და მეგობრობას. მეორე შეხვედრაზე საქართველოში უკვე გამოიკვეთა, რა გვაქვს გასაკეთებელი და რა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ. კარგი იქნება რეკომენდაციების შემუშავება, რომ სახელმწიფოების დონეზე მოხდეს მათი გაზიარება და საერთო რეგიონული პოლიტიკის შემუშავება".როგორც თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის საგარაო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აჰმედ ბარატ ჩონკარმა განაცხადა: „აღნიშნული ინიციატივა მომავალი თანამშრომლობის გარანტიაა. მეორე შეხვედრა საქართველოში ჩავატარეთ და ძალიან ნაყოფიერი იყო. მესამე შეხვედრას თურქეთში ვგეგმავთ. საქართველოსთან და აზერბაიჯანთან ახლო სტრატეგიული ურთიერთობა გვაქვს. ეს შეხვედრები გვეხმარება საჭიროებების უკეთ განსაზღვრაში და სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვაში. საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობა მნიშვნელოვანია რეგიონალური თემების უკეთ ჩამოყალიბებისათვის. ბევრი საერთო საკითხია, მათ შორის, ენერგოუსაფრთხოება, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ტრანსპორტი, საგანმანათლებლო თემები, კულტურული და ხალხთა შორის ურთიერთობა, რომლებზეც უნდა ვიმუშაოთ. თურქეთმა კარგად იცის რეგიონში არსებული საფრთხეები. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს და სრულ თანადგომას გიცხადებთ. მე მჯერა, რომ ჩვენი პარტნიორობა რეგიონული სტაბილურობის გარანტიაა."
სტუმრებმა დავით უსუფაშვილს მოკითხვა გადასცეს თურქეთისა და აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარეებისგან. მხარეები შეთანხმდენენ, რომ არსებული გამოწვევების ფონზე, აუცილებელია ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და მეტი ძალისხმევა რეგიონში ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის გასამყარებლად.
აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო სამმხრივი თანამშრომლობის პირველი შეხვედრა ქ. ბაქოში, 2014 წლის 22 აპრილს გაიმართა. მორიგი შეხვედრა კი თურქეთში, ანკარაში გაიმართება.