„მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების“ ხელმოწერამდე ერთი დღით ადრე აფხაზეთის დეფაქტო ლიდერმა ვრცელი ინტერვიუ ადგილობრივ ტელევიზიას მისცა. სოჭში გამგზავრების წინ რაულ ხაჯიმბამ იმ პერსპექტივებზე ისაუბრა, რომელსაც თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას რუსეთთან ურთიერთობის ახალ ფორმატზე გადასვლა მოუტანს. სააგენტო ჯი-ეიჩ-ენი ინტერვიუს ტექსტს სრულად გთავაზობთ.
_24 ნოემბერს იგეგმება აფხაზეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების ხელმოწერა. რას ნიშნავს ეს აფხაზეთისთვის და როგორ აისახება ჩვენს საზოგადოებაზე?
_ეს ხელშეკრულება ეფუძნება 2008 წლის ისტორიულ შეთანხმებას მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ, რომლითაც აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა იქნა აღიარებული. ახალი შეთანხმება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავების საქმეში.
რა სიახლეებს მოუტანს ის ჩვენს ქვეყანას?
პირველ რიგში შეიქმნება კოლექტიური უსაფრთხოების სისტემა. ეს მსოფლიო ტენდენციაა, რადგანაც დიდი ქვეყნებიც კი ვერ ახერხებენ მარტო საერთაშორისო უსაფრთხოების კომპლექსური საკითხების გადაჭრას. ამით აფხაზეთს მიეცემა შესაძლებლობა საკუთარი შეიარაღებული ძალების მოდერნიზება მოახდინოს, აღჭურვოს შეიარაღების თანამედროვე სისტემებით, გაზარდოს ჯარის მომზადების დონე.
ჩვენი მთელი წლის ბიუჯეტიც რომ გამოგვეყო ამისთვის, გარწმუნებთ, ამ საკითხის მოგვარებას ვერ შევძლებდით. ამიერიდან ამაში რუსეთი დაგვეხმარება.
არანაირი საფრთხე ჩვენი შეიარაღებული ძალების დაშლის და მთავარსარდლის უფლებამოსილების შეზღუდვის არ არსებობს. უფლებამოსილებებს სრულად შევინარჩუნებთ.
გაერთიანებულ სამხედრო დაჯგუფებაში შევლენ აფხაზური და რუსული შენაერთები, რაც ხელს შეუწყობს მოკავშირე ჯარების შერწყმას. ამავე პრინციპზე არის აგებული ყველა სამხედრო ბლოკი, ნატო, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია და სხვ. სხვაგვარად მოკავშირე ქვეყნების ჯარები ვერ ურთიერთთანამშრომლობენ.
ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, ხანგრძლივი დროით უზრუნველვყოთ ჩვენი უსაფრთხოება. ამასთანავე, ვიღებთ პასუხისმგებლობას, ვუზრუნველყოთ ჩვენი მოკავშირე რუსეთის უსაფრთხოებაც. ეს იქნება ორი ქვეყნის თანასწორი ურთიერთობა.
და კიდევ ერთი ასპექტი- ესაა საგარეო პოლიტიკის კოორდინირება, რაც რუსეთისა და აფხაზეთის ორმხრივი ვალდებულებაა. საკითხებზე, რომლებიც ორი ქვეყნის საერთო ინტერესებში შედის, უნდა გაიმართოს კონსულტაციები და შემუშავდეს საერთო მიდგომები. ამ პრინციპით ეწყობა მოკავშირე ქვეყნების ურთიერთობა ყველგან, მაგალითისთვის, ევროკავშირში. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ აფხაზეთის აღიარების გაგრძელება მიღწევადია მხოლოდ რუსეთის ხელშეწყობით, რაზეც რუსეთი თანახმაა ჩვენი საერთო ინტერესებიდან გამომდინარე.
_რას იტყოდით სოციალური უზრუნველყოფის შესახებ?
_როგორც ცნობილია, რუსეთი 10 წელზე მეტია ჩვენს პენსიონერებს პენსიას უხდის. რთული ეკონომიკური ვითარების მიუხედავად, ახალი ხელშეკრულებით რუსეთი ვალდებულებას იღებს, აფხაზეთში პენსიები გაზარდოს და რუსულ სტანდარტებს დაუახლოვოს.
ასევე გაიზრდება საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებიც. და ეს იქნება მნიშვნელოვანი დახმარება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს დახმარება არ იქნება უსასრულო, რადგანაც ხელშეკრულებას თავისი მოქმედების ვადა აქვს. ამიტომ, ჩვენ ეს პერიოდი უნდა გამოვიყენოთ ჩვენი რეალური ეკონომიკის შესაქმნელად, იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეები ჩვენვე ვუზრუნველვყოთ ღირსეული ხელფასებითა და პენსიებით.
_ბევრი ამბობს, რომ ეს ე.წ. „დამოკიდებულობის ფსიქიკის“ გამომუშავებას შეუწყობს ხელს, რის წინააღმდეგაც ოპოზიციაში ყოფინისას პირადად თქვენ გამოდიოდით.
_რუსეთი იმიტომ გვეხმარება, რომ ჩვენთვის ყველაზე რთულ პერიოდშიც ისტორიული მეკავშირეობის ერთგულნი დავრჩით. სხვა შემთხვევაში რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან ნატოს ჯარები იდგებოდნენ. ჩვენ ამით დავიცავით როგორც ჩვენი თავი, ისე რუსეთი.
სხვა საქმეა, თუ როგორ ვიყენებდით რუსეთის დახმარებას. მას ხშირად იპარავდნენ და არაეფექტურ პროექტებზე ხარჯავდნენ. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია სოხუმის სტადიონი, სახელწიფო აუზი ტყვარჩელში, კულტურის სახლები. უდავოა, რომ გარკვეული პრობლემების გადაჭრა შევძელით, მაგრამ რეალურად ეკონომიკურ სექტორს ამით არაფერი მიუღია. ეს იყო აფხაზეთის ხელისუფლების ბრალი. როდესაც რუსეთმა ეს ყველაფერი დაინახა, ფინანსური დახმარება მნიშვნელოვნად შეგვიმცირა. ამაზე ჩვენ ბევრს ვსაუბრობდით. ახლა რუსეთი გვაძლევს კიდევ ერთ შანსს, გვიხსნის სოციალური პრობლემების ნაწილს და გვაძლევს საშუალებას, ეკონომიკა განვავითაროთ.
ამჟამად ჩვენს რუს კოლეგებთან ერთად ახალ საინვესტიციო პროგრამას ვამზადებთ, რომელიც ორიენტირებული იქნება რეალური ეკონომიკის განვითარებაზე. გასაკუთრებით ეს აფხაზეთის ე.წ. „დეპრესიულ“ აღმოსავლეთ რაიონებს შეეხება. ეს ნიშნავს ახალ წარმოებას, ახალ სამუშაო ადგილებს, გაზრდილ ხელფასებს.
ამიტომ, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავ- რუსეთის დახმარება არ უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ვინმეზე დამოკიდებულები გავხდეთ. ჩვენ ეს დახმარება ჩვენი ეკონომიკის ასაშენებლად უნდა გამოვიყენოთ, რადგანაც ეკონომიკის გარეშე სუვერენიტეტზე საუბარიც კი ზედმეტია, რამდენიც უნდა ვიმეოროთ ეს სიტყვა.
_ამ პროექტზე მსჯელობა უპროცედენტოდ გამჭვირვალედ წარიმართა, რაც ჩვენმა საზოგადოებამ კარგად შეაფასა, თუმცა იყო კრიტიკაც თქვენი ოპონენტების მხრიდან. იყო მრგვალი მაგიდა და დისკუსია პრესაში, ხშირად არაკორექტულიც. მოხდება თუ არა მომავალში სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხების ასეთივე ღია განხილვა და კონკრეტულად ამ ხელშეკრულების რომელ ასპექტებზე იყო ყველაზე დიდი კრიტიკა?
_რა თქმა უნდა, პროექტი, რომელიც თავდაპირველად რუსეთმა გამოგვიგზანვა, არ იყო უნაკლო, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ის ადრინდელი შეთანხმებების საფუძველზე იყო შემუშავებული, რომელსაც აფხაზურმა მხარემ ხელი მოაწერა. თუმცა ამ შეთანხმებების შესახებ საზოგადოება არ იყო ინფორმირებული.
ამიტომ, ჩვენ შეგნებულად დავიწყეთ საკითხის ღიად განხილვა, რათა:
_გაგვემყარებინა გამჭვირვალობის პრაქტიკა, რაზეც ოპოზიციაში ყოფნისას ხშირად ვსაუბრობდით;
_რათა საზოგადოებას გაეთავისებინა ის პასუხისმგებლობა, რომელიც აფხაზეთის მომავალს შეეხება. ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების საქმე, ეს ხალხის საქმეცაა.
მე ვიცოდი, რომ კრიტიკა იქნებოდა, რადგანაც ამ ტექტის პირველადი ვარიანტის მიმართ თვითონაც კრიტიკულად ვიყავი განწყობილი. ისიც მესმოდა, რომ ამ თემას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენებდნენ, მაგრამ ბოლოს ჩვენმა საზოგადოებამ გაიმარჯვა.
ჩვენ შევძელით ჩვენი საკუთარი პროექტის შემუშავება, რომელიც პირველადი ვარიანტისგან კარდინალურად განსხვავდება და მას მხარი დაუჭირა რუსულმა მხარემ.ამით მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ აფხაზ ხალხს პატივს სცემენ და ენდობიან. ისინი გაგებით მოეკიდნენიმ შეშფოთებას, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არსებობდა.
ამ შიშებს ისტორიული საფუძველი აქვს, რადგანაც საბჭოთა პერიოდში ხდებოდა აფხაზეთის სუვერენიტეტის შემცირება. ახალი ხელშეკრულების ტექსტში კი ჩვენ წარსულის შეცდომები გამოვასწორეთ და საფუძველი ჩავუყარეთ თანასწორ ურთიერთობას რუსეთთან.
_ოპოზიციაში ყოფნისას თქვენ ხშირად აკრიტიკებდით რუსეთთან ადრე დადებულ ხელშეკრულებებს და იმას, თუ როგორ იყენებდა ხელისუფლება რუსეთის დახმარებას. როგორ აფასებთ ახლანდელ დისკუსიას? ხომ არ შეუშალა მან ხელი რუსეთთან ურთიერთობას?
_როდესაც ომი დასრულდა, ჩვენ ბლოკადა დაგვიწესეს, მაგრამ ასეთ რთულ ვითარებაშიც კი ვლადისლავ არძინბა ამბობდა, რომ რუსეთის ხელისუფლებაში მოვიდოდნენ ნამდვილი პატრიოტები და ოდესმე აფხაზეთისთვის სიტუაცია რადიკალურად შეიცვლებოდა. მიუხედავად არსებული ვითარებისა, ის ყოველთვის ერიდებოდა რუსეთის მიმართ მკვეთრი განცხადებების გაკეთებას, რომელიც მოსასმენად სასიამოვნო იქნებოდა და სამართლიანიც, მაგრამ ხანგრძლივ პერსპექტივაში კარგს არაფერს მოგვიტანდა. ეს რუსეთს ჩვენს მიმართ ნდობას დაუკარგავდა.
დრომ გვაჩვენა, რომ ის მართალი იყო. რუსეთში შეიცვალა ხელისუფლება და მოსკოვმა ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ეს გამოცდილება უნდა გავიზიაროთ.
ოპოზიციაში ყოფნისას ჩვენ ვაკრიტიკებდით პირველ რიგში ჩვენს ხელისუფლებას გაუაზრებელი ნაბიჯებისა და გადაწყვეტილებებისთვის. გავიხსენოთ თუნდაც რკინიგზის ყბადაღბული კრედიტი. თუმცა ჩვენ არასდროს ვაკეთებდით რუსეთის შეურაცხმყოფელ განცხადებებს. მაგალითად, როდესაც სოჭში ოლიმპიადა მიმდინარეობდა, ჩვენ გამოვაცხადეთ ჩვენი პოლიტიკური აქტივობის მორატორიუმი. ჩვენ რუსეთთან მოკავშირეობის არსი ასე გვესმის.
ამიტომ, მე გაგებით ვეკიდები, როდესაც კრიტიკა ისმის ხელისუფლების მიმართ, მაგრამ ეს განცხადებები არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს რუსეთისა და მისი ოფიციალური წარმომადგენლების შეურაცხმყოფელი.
ამავე დროს, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ხელშეკრულების ხელმოწერა ხდება სერიოზული საგარეო პოლიტიკური პრობლემების ფონზე, რომლის წინაშეც რუსეთი დგას. რუსეთზე სერიოზული საგარეო ზეწოლა ხორციელდება, წესდება სანქციები, წარმოებს საინფორმაციო ომი. როდესაც ჩვენ გვიჭირდა, მხოლოდ რუსეთმა დაგვიჭირა მხარი. ახლა კი ჩვენ ვაბარებთ გამოცდას, რამდენად საიმედო ისტორიული პარტნიორები ვართ. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ხელშეკრულებას ჰქვია „შეთანხმება მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.“
ამიტომ, მიტინგების მოწყობა ამ შეთანხმების წინააღმდეგ, ჩემი აზრით, არამხოლოდ უპასუხისმგებლობა, არამედ მორალურადაც არასწორი საქციელი იქნება.
მე ვთვლი, რომ ოპოზიცია ყოველთვის უნდა არსებობდეს, რადგანაც პატივს ვცემ განსხვავებულ აზრს. ჩავატარე ბევრი შეხვედრა პოლიტიკურ პარტიებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან და ეს ჩვენ დაგვეხმარა შეთანხმების ამჟამინდელი სახით მიღებაში. ამისთვის მათ მადლობა მინდა გადავუხადო.
ჩვენს შიდა წინააღმდეგობებს, ვიქრობ, თავადვე დავძლევთ, მაგრამ ეს არ უნდა აგვერიოს რუსეთთან ურთიერთობის საკითხში. იმიტომ, რომ ეს ხელშეკრულება არათუ ამცირებს ჩვენ სუვერენიტეტრს, არამედ წარსულში დაშვებულ შეცდომებს გვასწორებინებს.
მომავლისთვის ასეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებზე მუშაობის გამჭვირვალეობის მიზნით საექსპერტო მოედანს შევქმნით, რომელიც ასეთი დონის საკითხების ეფექტურ გადაჭრაში დაგვეხმარება.
_რა განწყობით მიდიხართ ხელშეკრულების ხელმოსაწერად?
_როგორც პრეზიდენტი, მე ვარ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის გარანტი. და მე შემიძლია სრულიად დარწმუნებით გითხრათ, რომ ეს ხელშეკრულება დღევანდელი სახით სრულად შეესაბამება ჩვენს ძირითად კანონს. ჩვენ ვიქცევით სწორად ისტორიული პერქსპექტივის თვალსაზრისითაც.
დარწმუნებული ვარ, ამაში ჩვენი თანამოქალაქეებიც მალე დარწმუნდებიან.
ამიტომ, ხელშეკრულების ხელმოსაწერად მივდივარ ობტიმიზმითა და იმის განცდით, რომ ჩემს ვალს ვასრულებ.