ხვალ, 20 ნოემბერს, "თიბისი გალერეაში", დავით ტურაშვილის ახალი ინტერნეტრომანის „სხვა ამსტერდამის" პრეზენტაცია გაიმართება.
"ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა" და ელექტრონული წიგნების სახლი „საბა" საზოგადოებას დავით ტურაშვილის ახალ ინტერნეტრომანს „სხვა ამტერდამი", - სთავაზობს, რომელიც წერის პროცესში გამოქვეყნდება მხოლოდ saba.com.ge-ზე ყოველ ხუთშაბათს და მკითხველი შეძლებს ფეხდაფეხ, მწერალთან ერთად მიჰყვეს ლიტერატურულ სიუჟეტს.
ახალ რომანში მოქმედება ძირითადად თანამედროვე ამსტერდამში მიმდინარეობს, მაგრამ მასში ძველი ამსტერდამის ამბებსაც ამოიკითხავთ, რადგან მისი სიუჟეტი მეჩვიდმეტე საუკუნეშიც ვითარდება და ზოგიერთი პერსონაჟი მეორე მსოფლიო ომის მონაწილეცაა. მათ შორის ავტორის ბაბუაც.
ელექტრონული წიგნების სახლი „საბა" 2012 წელს დაარსდა თიბისი ბანკის ხელშეწყობით, სადაც დღეისათვის 2000-მდე ელ. წიგნია განთავსებული. ეს ელექტრონული სივრცე აერთიანებს ქართულ ენაზე გამოცემულ მრავალფეროვან ლიტერატურას, ქართულ და უცხოურ კლასიკას, თანამედროვე ბესტსელერებს და ლიტერატურული კონკურსის „საბა" ნომინანტ და ლაურეატ ელ. წიგნებს, რომელთა წაკითხვაც შესაძლებელია ნებისმიერ კომპიუტერში, iOS-ისა და android-ის ტელეფონებსა და ტაბლეტებში.
„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა" 1999 წელს დაარსდა, დღეისათვის ის ერთ-ერთი წამყვანი გამომცემლობაა, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საგამომცემლო საქმიანობისგანვითარებაში საქართველოში. „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა" ყოველწლიურად დაახლოებით ოთხასამდე წიგნს გამოსცემს, მათ შორისაა როგორც თანამედროვე ქართველი, ისე მსოფლიოში ცნობილი ბესტსელერების ავტორებისა და ნობელიანტი მწერლების ნაწარმოებები.