,,აფხაზური ენის დაცვა და განვითარება ძალიან სერიოზული თემაა. კონსტიტუციის მიხედვით ჩვენი სახელმწიფო ენა არის აფხაზური. ის კანონები და პროგრამები, რაც აქამდე აფხაზეთში მიუღიათ, ენის დაცვის პრობლემებს სათანადოდ არ შეესაბამება. ენის გარეშე ვერ იარსებებს სახელმწიფო. ჩვენი ხალხი არც ისე მრავალრიცხოვანია და სწორედ ენა განსაზღვრავს ჩვენს აფხაზობას. ამიტომ მშობლიური ენის დაცვა და განვითარება სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს." - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის პრზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ.
მისი თქმით, აფხაზეთის ე. წ. ხელისუფლებას ესმის, რომ ეს პრობლემა სწრაფად და იოლად არ მოგვარდება. ეს რთული პროცესია, მაგრამ აქცენტი სწორედ ახლა და სწორედ ახალ თაობებზე უნდა გაკეთდეს, ამიტომ სასიხარულოა, რომ აფხაზეთის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში უკვე სერიოზულად ეკიდებიან ენის პოპულარიზაციის საქმეს.
რაულ ხაჯიმბას აზრით, მართალია, წინა წლებში სახელმწიფო სამსახურებში ძალიან ცოტა ადამიანი საუბრობდა მშობლიურ ენაზე, მაგრამ ვითარება დღეისთვის შეცვლილია და აფხაზური ენის შესწავლის საკითხი აქტუალური გახდა მათთვის, ვინც სახელმწიფო ენას ჯეროვნად ვერ ფლობდა.
რაც შეეხება, მომავალში ოფიციალური დოკუმენტების აფხაზურ ენაზე არსებობის საკითხს, რამაც ერთგვარი პრობლემა შეიძლება შეუქმნას ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ სომხებს ან ქართველებს, რაულ ხაჯიმბა ამბობს, რომ ამის საშიშროება არ არსებობს.
,,ჩვენი კონსტიტუცის მიხედვით, აფხაზურ ენასთან ერთად რუსული ენაც სახელმწიფო ენად ითვლება. ჩვენ ამ ენაზე ვლაპარაკობთ და ვურთიერთობთ, საქმეთაწარმოებაც აფხაზეთში უმეტესად რუსულ ენაზე მიმდინარეობს. მაგრამ თუ ჩვენ აფხაზური სახელმწიფო ვართ, კონსტიტუციის თანახმად ყველა ოფიციალური საბუთი, თავდაპირველად, აფხაზურ ენაზე უნდა გამოიცეს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ვინც აფხაზური არ იცის, აუცილებლად ენის სწავლა მოუწევს.ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე, რამდენად ხარისხიანად და ეფექტურად ვიმუშავებთ ამ საკითხზე. ერთი რამ კი ზუსტად შემიძლია ვთქვა, აფხაზები ვალდებულნი არიან თავიანთი მშობლიური ენა იცოდნენ. " - აღნიშნა ხაჯიმბამ.