სოხუმელთა განცხადებით, საღამოს რვის ნახევრის მერე ქუჩებში საზოგადოებრივ ტრანსპორტს ნაკლებად თუ შეხვდებით, რაც მათ იძულებულს ხდის, ტაქსით მგზავრობაში საკმაოდ ძვირი თანხა გადაიხადონ.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები კი აცხადებენ, რომ საღამოს საათებში, განსაკუთრებით რვა საათის შემდეგ სოხუმის ქუჩებში არავინ დადის, ამიტომ ტრანსპორტის მოძრაობასაც აზრი არა აქვს.
თუმცა, არიან ისეთები მოქალაქეები, რომლებიც ტრანსპორტის განრიგს დღის განმავლობაშიც უჩივიან.
,,აქედან მოსკოვში უფრო იოლად ჩახვალ, ვიდრე ქალაქის ცენტრამდე. ტურბაზისკენ ველოდები ტრანსპორტს და არაფერი არ ჩანს.
ავტობუსები ჩვენსკენ, კაშტაკის მიმართულებით საერთოდ არ დადიან და ტროლეიბუსის ლოდინი ნახევარი საათზე მეტხანს გვიწევს." - განაცხადა კაშტაკის რაიონში მცხოვრებმა ასაკოვანმა ქალბატონმა.
იგივე პრობლემებზე საუბრობენ ახალი რაიონის მიმართულებით მიმავალი მგზავრებიც.
რაც შეეხება ტროლეიბუსების გრაფიკს, მათი პარკის ხელმძღვანელის თქმით, არსებობს პრობლემები, რომლის გამოც, ქალაქის არსებულ ტროლეიბუსების ხაზებზე რაოდენობრივად მეტი ტრანსპორტის დაშვება შეუძლებელია.
,,ჩვენი ტროლეიბუსების ხაზები 1968 წლის შემდეგ არ გარემონტებულა, რის გამოც იმაზე მეტი დატვირთვით მუშაობას, როგორც დღეს არის, ეს ხაზები ვერ გაუძლებს.
ასევე, ხშირია შემთხვევები, როცა საღამოს საათებში მოძრავ ტროლეიბუსის მძღოლებს ბოროტმოქმედები ძარცვავენ და მთელი დღის განმავლობაში გამომუშავებულ თანხას ართმევენ. ამიტომაც იძულებული ვართ, რვა საათის სემდეგ ტროლეიბუსები ფარეხში დავაყენოთ." - აცხადებს ფარეხის დირექტორი.
როგორც ჩანს, სოხუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებისა და მძღოლების უკმაყოფილებას საფუძველი ნამდვილად აქვს და მათი აზრი ერთ რამეშიც ემთხვევა ერთმანეთს, ორივე მხარე აცხადებს, რომ ქალაქის გზები დანგრეულია, ტრანსპორტში არ მოქმედებს საბილეთო სისტემა, არ არსებობენ კონდუქტორები და არც მგზავრობაა უსაფრთხო.
მასალის გამოყენების პირობები