ყირგიზეთში ამ დილიდან მასობრივი მღელვარებების შემდეგ ოპოზიციის ქალაქ ტალასში, ქვეყნის ჩრდილოეთ მხარეს და თავად ბიშკეკში ოპოზიციის მომხრეთა და მილიციის თანამშრომელთა შორის შეტაკებები გრძელდება. ამჟამად ოპოზიციის მომხრეები სამრეწველო ჯგუფ "ფორუმის" ოფისთან არიან შეკრებილები, იმისათვის რათა ოპოზიციის დაპატიმრებულ ლიდერებს მხარდაჭერა გამოუცხადონ. სწორედ ამ შენობაში არის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ოფისი.
"ფორუმის" შენობასთან მობილიზებულია სამართალდამცავთა დამატებითი ნაწილი _ მილიციის დანაყოფები ძაღლებით.
ხელისუფლების არაერთი გაფრთხილების მიუხედავად ოპოზიცია არ დაიშალა. მაშინ მილიციამ მომიტინგეთა წინააღმდეგ ხმაურიანი ყუმბარები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ასევე გრძელდება შეტაკებები ქალაქ ტალასში, სადაც მომიტინგეებს ქალაქის მერიის შენობა აქვთ დაკავებული. მომიტინგეები ტალასში ხელისუფლების შეცვლას და პრეზიდენტ ბაკიევის გადადგომას მოითხოვენ.
აღსანიშნავია, რომ ქალაქ ტალასში მიმდინარე მასობრივი მღელვარებების დროს სხვა და სხვა სახის დაზიანებები მიიღო 100-ზე მეტმა ადამიანმა. მათ შორის 85 მილიციელია. ოპოზიციის მხრიდან დაზარალებულთა შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ამ დილით რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა დანიარ უსენოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ამ დროისათვის ჰოსპიტალიზებულია მილიციის 17 თანამშრომელი, ხუთი მათგანი კი რეანიმაციაში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. მისივე ინფორმაციით ასევე დაჭრილია 20 სამოქალაქო პირი.
ყირგიზეთის გენპროკურორის ნურლან ტურსუნკულოვის ინფორმაციით, დაკავებულია 18 ადამიანი, მათ შორის 8 უკვე საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება 10 კი დაკითხვაზეა. მისივე თქმით, მასობრივი არეულობები სტიქიურ ხასიათა არ ატარებდა და ისინი ორგანიზებული იყო.