„როგორც კი ცნობილი გახდა რუსეთ-აფხაზეთის ახალი ხელშეკრულების პროექტის ტექსტი, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ თბილისი „აგრესიულ საგარეოპოლიტიკურ ნაბიჯებს" გადადგამს საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირებისათვის, ამ ხელშეკრულების წინააღმდეგ", - ნათქვამია "ვედომოსტის" მიერ სტატიაში.
სიტყვას საქმე მოჰყვა: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი თბილისში მყოფ უცხოეთის დიპლომატიური კორპუსის წევრებს შეხვდა და საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთზე ზეწოლის განხორციელების გააქტიურებისაკენ მოუწოდა, სანქციების გამკაცრების თვალსაზრისით. აფხაზეთში გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის რუსული გეგმები განიხილა აგრეთვე მაია ფანჯიკიძემ თავის ევროპელ კოლეგებთან ერთად ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე. ტოკიოში ვიზიტით მყოფმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც იაპონიის მთავრობას რუსეთზე ზეწოლისაკენ მოუწოდა - მოსკოვი საქართველოს ტერიტორიებს საბოლოო ანექსიით (მიერთებით) ემუქრებაო...
თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა თბილისი მიერ გადადგმული „აგრესიული საგარეოპოლიტიკური ნაბიჯები" სპეკულაციურ მოქმედებად მონათლა და განაცხადა, რომ საკითხი მხოლოდ ახალ საბაზო ხელშეკრულებას ეხება, [რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიმართული არ არის].
როგორც „ვედომოსტს" აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ერთ-ერთმა წყარომ აცნობა, მოსკოვის მიერ სოხუმისათვის შეთავაზებული პროექტი მიღებული არ იქნება: „პარლამენტში ყველა დეპუტატი შეთანხმდა, რომ ხელშეკრულების ახალ პროექტს სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს".
არავითარი ნიშანი არ არის იმისა, რომ დასავლეთი აფხაზეთთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციაზე რაიმე ზეწოლას ახორციელებს, - ამბობს პოლონელი პოლიტოლოგი კატარჟინა ვუიციკი, - ხელშეკრულების საკითხი მხარეთა მიერ ჯერ-ჯერობით განხილვის პროცესში იმყოფება. ასე რომ, აფხაზეთის გამო ევროკავშირი რუსეთს ახალ სანქციებს არ დაუწესებს. რასაკვირველია, იმავდროულად გაგრძელდება მკაცრი მონიტორინგი რეგიონში მოსკოვის პოლიტიკისადმი".
მასალის გამოყენების პირობები