კრემლი რომ აფხაზეთთან მიმართებით რაღაც ახალ დოკუმენტს ამზადებდა, ამაზე დიდი ხნის წინ იყო ცნობილი. ისისც ყველამ იცოდა, რომ მოსკოვი ამ დოკუმენტზე ხელმოწერას წლის ბოლომდე გეგმავდა. ექსპერტები ეჭვობენ, რომ სოხუმში მაის-ივნისში მომხდარი მოვლენები, რომელმაც ალექსანდრე ანქვაბის გადადგომა გამოიწვია, სწორედ ამ დოკუმენტთან იყო დაკავშირებული - ამბობენ, რომ აფხაზეთის აწ უკვე ყოფილ პრეზიდენტს მასზე ხელმოწერა არ სურდა, წერს „ზერკალო ნედელიში" გამოქვეყნებულ მასალაში ალექსეი კოვალი.
აფხაზი პოლიტიკოსების რეაქცია გვაჩვენებს, რომ არაღიარებულ რესპუბლიკაში ყველა არ ეთანხმება იმ სცენარს, რომლის მიხედვით, აფხაზეთი დაკარგავს თავისი უფლებამოსილების ნაწილს, მისი არმია კი, ძირითადად მოლაშქრეთა ქვედანაყოფები, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ჩაიკარგება. სოხუმი სიფრთხილეს იჩენს აგრეთვე რუსებისათვის უძრავი ქონების ბაზრის ლიბერალიზების საკითხშიც. მოკლედ, აფხაზები არ ჩქარობენ რუსეთის წინადადებებზე დათანხმებას.
საქართველოში ხელშეკრულების პროექტმა პროგნოზირებული ნეგატიური რეაქცია გამოიწვია: თბილისში თვლიან, რომ რუსეთმა საქართველოს დასჯა გადაწყვიტა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერისა და ნატოსთან ინტეგრაციის გამო: უელსის სამიტის შემდეგ ქართველები თავიანთ ტერიტორიაზე ნატოს საწრთვნელი ბაზისა და მასთან ერთად, ლოჯისტიკის ცენტრის გახსნას ელოდებიან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ მსგავსი ხელშეკრულების დადება კავკასიის სტაბილურობას საფრთხეს შეუქმნის და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზების პროცესს ჩაშლის. ქართველი დიპლომატების აზრით, რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულება „ყირიმული სცენარის" ერთგვარი რეალიზების მცდელობაა, ამჯერად აფხაზეთში, რომლის საბოლოო მიზანს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების საბოლოო ანექსია წარმოადგენს. საქართველო უფლებას იტოვებს მკაცრი რეაგირება მოახდინოს მოსკოვის ნაბიჯზე, თუმცა თვლის რომ უკეთესი იქნებოდა ახალი საერთაშორისო სანქციების დაწესება ჩრდილოელი მეზობლის მიმართ.
მასალის გამოყენების პირობები