დღეიდან, 3 აპრილიდან, "ალიანსი საქართველოსთვის" თანათავმჯდომარე სოზარ სუბარი და "დაიცავი საქართველოს" ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე საკრებულოს თავმჯდომარეობის ერთიან კანდიდატთან დაკავშირებით ოპოზიციურ ძალებთან კონსულტაციებს იწყებენ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის ერთიან კანდიდატთან დაკავშირებით პირველი კონსულტაცია "მრეწველების" ლიდერ გოგი თოფაძესთან გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "დაიცავი საქართველოს" პრესსამსახურიდან აცნობეს, სუბარისა და გაჩეჩილაძის შეხვედრა თოფაძესთან "ყაზბეგის" ოფისში, 12:00 საათზე დაიწყება.
კონსულტაციაში მონაწილეობას მიიღებს ასევე "ალიანსი საქართველოსთვის" კიდევ ერთი წარმომადგენელი კოკა გუნცაძე.
არ არის გამორიცხული დღესვე გაიმართოს შეხვედრა "კონსერვატორებთან".
შეგახსენებთ, რომ გოგი თოფაძე "მრეწველთა პარტიამ" თბილისის მერობის საკუთარ კანდიდატად დაასახელა.
საკრებულოს თავმჯდომარეობის ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად კონსულტაციები 3 აპრილის შემდეგ, აღდგომის დღესასწაულის გამო, 6 აპრილამდე აღარ გაიმართება. როგორც სუბარი განმარტავს, "ვისთანაც მოლაპარაკებების გამართვა შაბათს არ მოესწრება, აღდგომის შემდეგ შეხვდებიან".