რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი, დღეს პირველად, ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ვენესუელაში ჩავიდა. რუსული მედიის ინფორმაციით, იმის გამო, რომ ვიზიტი ერთდღიანია, იგი ძალიან დატვირთულია.
პუტინს კარაკასის აეროპორტში ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი პირადად დახვდა, მიუხედავად იმისა, რომ მათი შეხვედრა მოგვიანებით იყო დაგეგმილი.
პუტინსა და ჩავესს შორის გამართული მოლაპარაკებების დროს საუბარი შეეხება რუსეთის მიერ ვენესუელისთვის 2,2 მილიარდი აშშ დოლარის კრედიტის გამოყოფას.
ამას გარდა, კარაკასში მყოფი პუტინი ასევე აპირებს ბოლივიის პრეზიდენტ ევო მორალესთან შეხვედრას და მასთან მოლაპარაკებების გამართვას. რუსული მედია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს შეხვედრა ბოლივიის პრეზიდენტის ინიციატივით იმართება.
საინტერესოა, რომ დღეს სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ ღვინჯიამ განაცხადა, რომ შესაძლოა მალე აფხაზეთის ე. წ. დამოუკიდებლობა ბოლივიამ და ეკვადორმაც აღიარონ.