ხობში პრემიერ-მინისტრმა სასათბურე მეურნეობა „თაღლაურას სათბური" დაათვალიერა, რომელიც ნახევარ ჰექტარ ფართობზეა გაშენებული. სათბური აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური სარწყავი სისტემით. საწარმოში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 1 მილიონ ლარს შეადგენს.
ჩვენი მთავრობა უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს სოფლის მეურნეობის განვითარებას, მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლებამ სააკაშვილი-ბენდუქიძის იდეოლოგიის პირობებში პრაქტიკულად გაანადგურა სოფლის მეურნეობა და მიზანმიმართულად გააღატაკა სოფელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხობში "თაღლაურას" სასათბურე მეურნეობის დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
პრემიერი მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება ეროვნული უსაფრთხოების საკითხია.
"ეს არის ქართულ-ჰოლანდიური პროექტი, რომელიც ნახევარ ჰექტარზეა გაშენებული და დღეში ერთი ტონის მოყვანას ახერხებს, რაც უნიკალური რამ არის. კიდევ ერთი სასათბურე მეურნეობა, ქართულ-ებრაული 30 მილიონიან ინვესტიციას წარმოადგენს და იქ 500 ადამიანი დასაქმდება. ეს ქმნის უზარმაზარ პოტენციალს და რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სოფლის მეურნეობა წლების განმავლობაში არ იყო პრიორიტეტი",-განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა "ანკა ფეა ტრეიდის" შესახებაც ისაუბრა, რომელიც შვეიცარიული კომპანიის ინვესტიციითა და სახელმწიფო თანადაფინანსებით შეიქმნა.
"ნახევარ მილიონზე მეტით დავაფინანსეთ ეს საწარმო. შვეიცარიულმა კომპანიამ დამატებით მილიონ 400 ათასის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. სამეგრელოში წელს თხილის ძალიან დიდი მოსავალია, თხილის ფასი საგრძნობლად გაზრდილია და უკვე რეალიზებულია 170 მილიონი ლარის ღირებულების თხილი. ჩვენ კიდევ დამატებით 30-40 მილიონი ლარის ღირებულების თხილის რეალიზაციას ველოდებით. წელს ჯამში 200 მილიონი ლარის ღირებულების თხილის რეალიზაცია განხორციელდება, რაც სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს დამატებით მოტივაციას გაუჩენს ადამიანებს",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, წელს 160 მილიონი ლარი შევიდა კახეთის რეგიონში, 200 მილიონი შევა სამეგრელოში, რაც ადგილობრივ ფერმერებს მისცემს დამატებით მოტივაციას, რომ გააშენონ მეტი თხილის პლანტაციები, კახეთში კი - გააშენონ ვენახი.
"ორი წლის განმავლობაში კახეთში 4 ათას ჰექტარზე მეტი ვენახი გაშენდა, მაშინ, როდესაც სააკაშვილი ვენახს საკუთარი ხელით ჩეხდა. არც თხილის პლანტაციებს ექცეოდა ყურადღება. ეს საკითხი ჩვენ ამერიკელების დახმარებით შევისწავლეთ. საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ მოვახდინოთ დიდი რაოდენობით თხილის რეალიზაცია",- აღნიშნა პრემიერმა.