აფხაზეთი მოსკოვში მომზადებული ახალი შეთანხმების პროექტს განიხილავს. ახლა ჯერი აფხაზურ მხარეზე მიდგა: თვის ბოლომდე, სავარაუდოდ, გაჩნდება დოკუმენტის ვერსია, რომელშიც სოხუმის ინტერესები იქნება ასახული.
როგორც ჩანს, რუსეთისა და აფხაზეთის ურთიერთობებში სერიოზული და რთული საუბრის დრო დადგა.
ექსპერტი რუსულ -აფხაზური ურთიერთობების საკითხებში, ჟურნალისტი ანტონ კრივენიუკი აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით "აფხაზური კედლის ფასი". "ჯი-ეიჩ-ენი" გთავაზობთ სტატიის ქართულ თარგმანს.
მსოფლიოთა საზღვარი
რუსეთიდან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის შეთანხმება გამოაგზავნეს. ერთიანი ეკონომიკური და სოციალური სივრცე, აფხაზური კანონმდებლობის ჰარმონიზაცია რუსულთან, რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის სოციალური სტანდარტის დანერგვა.
შეთანხმების ეს პროექტი - სარკეა ბოლო ექვსი წლის განმავლობაში განვითარებული რუსულ-აფხაზური ურთიერთობებისა ანუ მას შემდეგ რაც რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. მთელი ამ წლების განმავლობაში მრავალი შეთანხმება და ხელშეკრულება გაფორმდა. ყველა მათგანი როდი მუშაობს, მაგრამ დღეისათვის ქვეყნის ბიუჯეტის 70 %-ზ მეტი რუსეთიდან დოტაციაზეა, საქართველოსა და აფხაზეთის საზღვარზე კი რუსი მესაზღვრები დგანან.
ეს რეალობაა. ექვსი წლის განმავლობაში აფხაზეთის დამოკიდებულება რუსეთზე მრავალჯერადად გაიზარდა. ამ გზით ქვეყანა ორმა ყოფილმა პრეზიდენტმა წაიყვანა. დღეს კი ძალიან მტკივნეულია მოცემულობას თვალებში უყურო.
შეთანხმების პროექტი, რომელიც საერთონაციონალური სკანდალის მიზეზი გახდა - არის შედეგი იმ პროცესებისა, რომლებიც იყო შემოთავაზებული ბოლო ექვსი წლის განმავლობაში. ქვეყანა არ დაკავებულა განვითარებით, რეფორმებით, არ ეძებდა გზებს თავისი პრობლემების მოსაგვარებლად. მისი ლიდერები და მმართველი ელიტები მიიჩნევდდნენ, რომ ნახეს სპონსორი რომელიც მთელი ცხოვრება ეყოლებათ. დღეს კი მან კონტრაქტის პირობები გაწერა.
შეთანხმების ეს პროექტი, რომელიც ამ დღეებში სოხუმში შემოვიდა ჯერ კიდევ გასააზრებელი და გასაანალიზებელია სპეციალისტების, აქტივისტების, დეპუტატებისა და ვისიც გნებავთ, იმის მიერ. სინამდვილეში კი იქ ჩაწერილია ძალიან მარტივი რამ. ეპოქა შეიცვალა. დრო, როდესაც იყო საშუალება "გევაჭრა" გეოგრაფიული მდგომარეობით, წავიდა. მსოფლიო არ გახდა უფრო კეთილი და უკეთესი ბოლო ოცი წლის განმავლობაში. ისევ ნატოა ზღურბლზე და ისევ ცივი ომი - თუმცა, სავსებით ცხელი ომი, აფხაზეთიდან სულ რაღაც ხუთას კილომეტრში, უკრაინის აღმოსავლეთში. გასაკვირია რომ სტრატეგიულ მოკავშირეს მსოფლიოთა საზღვარზე ყრუ "აფხაზური კედლის" აშენება უნდა? ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ ეს საზღვარი ენგურზე გადის?
ინტეგრაციისათვის უნდა გადაიხადო
აქ ვიღაცამ დაწერა, რომ შეთანხმების მთელი ტექსტის მიღმა შანტაჟია: "თქვენ ქვეყანას მოგვცემთ, ჩვენ კი პენსიასა და დახმარებას...". მე კი მგონია, რომ იქ სხვა აზრია: "ჩვენ მზად ვართ მოგცეთ ყველაფერი რაც გინდათ, ოღონდ თქვენთან გეოპოლიტიკური თამაში აღარ გვინდა. ჩვენ გვინდა თქვენთან ვიყოთ იმდენად მყარად, რომ ოდესმე, მაგალითად ზეგ, თქვენ არ გვითხრათ, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხილვას აპირებთ".
შეთანხმების პროექტში ძალიან ბევრია საუბარი აფხაზური კანონებისა და სტანდარტების რუსეთის ფედერაციის კანონებთან და სტანდარტებთან "უნიფიკაციის", "ჰარმონიზაციის", "კორესპონდენციის" შესახებ. მგონი, ეს, არის გამოწვევა აფხაზეთის სუვერენიტეტისათვის.
კი მაგრამ, როდესაც რესპუბლიკაში მთელი ეს წლები ამბობდნენ სიტყვას "ინტეგრაცია" , საინტერესოა რას გულისხმობდნენ? ჩვენ 2008 წელს ხელი მოვაწერეთ არა მხოლოდ იდეას რუსეთთან კავშირის შესახებ, ჩვენ მრავალი წელი ვსაუბრობდით იმაზე, რომ რა კარგი იქნებოდა ახალ ინტეგრაციულ გაერთიანებებში რომ მიგვეღო მონაწილეობა.
და, აი, ახლა შეთანხმების ტექსტში შეიძლება წავიკითხოთ: "რესპუბლიკა აფხაზეთი, მას შემდეგ რაც არსებული შეთანხმება ძალაში შევა, არაუგვიანეს 18 თვისა, მოახდენს ზომების კომპლექსის რეალიზებას საბაჟო საქმესთან დაკავშირებით, საბაჟო დარეგულირების სფეროში არსებული აქტების შესაბამისად, რომლებიც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შემადგენელი უფლებაა და რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის შესაბამისად...".
ზენაციონალური ინტეგრაციული გაერთიანებები არსებობენ უნიფიკაციის, სტანდარტიზაციისა და ხანდახან ამა თუ იმ სფეროში ნაციონალური სუვერენიტეტის შეზღუდვის ხარჯზე. რუსეთს არ აქვს თავისი საბაჟო კოდექსი, ის საერთოა ევრაზიული კავშირის წევრ-მონაწილეებთან. საქართველომ, იმისათვის, რომ ოდესმე მიიღოს დივიდენდები ევროკავშირთან გაფორმებული სავაჭრო შეთანხმებიდან, იძულებულია შეასრულოს მთელი ნუსხა რეფორმებისა სასამართლო, პოლიტიკურ სისტემაში და ა.შ. ევროკავშირი კი საკმაოდ მოურიდებლად ერევა იმ ქვეყნების საშინაო პოლიტიკაში, რომლებიც მასთან მიერთებას ცდილობენ.
ზოგი აფხაზეთთან შეთანხმების ახალ პირობებს შანტაჟად მიიჩნევს, მაგრამ მასში ყველაფერი, პირველი ასოდან ბოლომდე, რეალობიდან გამომდინარეა. მე ამას ყველაფერს ვწერ არა იმიტომ, რომ რუსულ-აფხაზური შეთანხმების პროექტი იდეალურია, არამედ იმიტომ, რომ იქ ყველაფერი რეალობიდან გამომდინარეობს - გეოპოლიტიკური, რეგიონალური, სამხედრო-პოლიტიკური და რა თქმა უნდა იმ რეალობიდან რომელიც შექმნილია აფხაზურ-რუსულ ურთიერთობებში. და კიდევ, მოსკოვს რა თქმა უნდა, თავისი ინტერესებიც არ დავიწყებია.
ანგარიში "ანკესისათვის"
პრობლემა არ არის შეთანხმებაში, მის გადაწერა შეიძლება. პრობლემა არის აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის უმძიმეს კრიზისში, ნაციონალური იდეის დეგრადაციაში, ქვეყნის შექმნის პროექტის არარსებობაში და გარესამყაროსთან ურთიერთობის კონცეფციის არქონაში. არ არსებობს სამეცნიერო-კვლევითი სკოლაც კი, რომელსაც შეეძლებოდა საექსპერტო დონეზეც კი სახელმწიფო პროექტის განვითარების პერსპექტივებისა და რისკების შეფასება. არაფერი არ არსებობს.
ათი წელი ქვეყანა ერთ ადგილზე იდგა, სპონსორი კი მიმდინარე ანგარიშებს იხდიდა. კარგია, ასე ხდება ხოლმე. მაგრამ ეს წლები სავსებით საკმარისი იყო იმისათვის, რომ როგორც შეთანხმების გამკრიტიკებელმა ერთ-ერთმა აფხაზმა სწორად აღნიშნა, შემუშავებულიყო ნაციონალური უსაფრთხოების კონცეფცია და მისგან გამომდინარე კონცეფცია რუსეთთან ურთიერთობებისა.
რომ გავრკვეულიყავით: რა გვინდა ამ ქვეყნიდან, რამდენი უნდა გადავიხადოთ ამისათვის და როგორია და რაში მდგომარეობს "წითელი ხაზები". ახლა ყველაფერი ეს მიმდინარეობისას უნდა განვიხილოთ და თან შეთანხმების ტექსტის რედაქტირება მოვახდინოთ.
თუ აფხაზეთი უარს იტყვის რუსეთის დახმარებაზე, მაშინ მალე ისინი, ვინც ამ შეთანხმების წინააღმდეგია, ასევე აღდგებიან ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ.
და ბოლოს, უცნაურია, მაგრამ არავის გაჰკვირვებია ის ფაქტი, რომ აფხაზეთის ახალი ხელისუფლება თავის მოღვაწეობას იწყებს არა საკონსტიტუციო რეფორმით ან ეკონომიკური პროგრამის განხილვით, არამედ - სტრატეგიულ მოკავშირესთან ურთიერთობების კონცეფციის პრეზენტაციით. არა და, ეს ხომ ძალიან მნიშვნელოვანია.
იმიტომ, რომ კვლავაც და კვლავაც, რეალობა ისეთია, რომ არავითარი ეკონომიკური რეფორმები და განვითარება საერთოდ რუსული დახმარების გარეშე არ განხორციელდება. რომ ვეცადოთ კიდეც, ერთი წლის შემდეგ, ისინი ვინც მეგობრულად აჯანყდნენ შეთანხმების წინააღმდეგ, ასევე მეგობრულად აჯანყდებიან ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ.
ახალი ხელისუფლება მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ იყო ხელისუფლებაში, ამბობდა - ქვეყანას დოტაციები კი არ სჭირდება, არამედ "ანკესი"-ო. და, აი, აფხაზეთს ამ "ანკესისათვის" ანგარიში წარუდგინეს. გეძვირებათ? მოდით ვივაჭროთ.