არქიტექტორებთან სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების, კომუნიკაციის გაძლიერების, პროფესიული იდეებისა და ქალაქის განვითარების ერთიანი ხედვის ჩამოყალიბების მიზნით, თბილისის არქიტექტურის სამსახურის ინიციატივით, თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი და არქიტექტურის სამსახურის უფროსი ნინო ღოღობერიძე არქიტექტორებს შეხვდნენ.
თბილისის მერის მოადგილის ნინა ხატისკაცის თქმით, შეხვედრის მიზანი თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურსა და არქიტექტორებს შორის თანამშრომლობის ფორმების გამონახვა იყო.
„ჩვენ მზად ვართ შეიქმნას ურთიერთობისათვის ღია სივრცე, იყოს მაღალი ჩართულობა მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში, რადგან მნიშვნელოვანი და საინტერესოა მათი ხედვები ქალაქში განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით," - განაცხადა ნინა ხატისკაცმა.
თავის მხრივ, არქიტექტორები მიესალმებიან თბილისის მერიის ინიციატივას და მიიჩნევენ, რომ აუცილებელია კომუნიკაციის გაღრმავება დედაქალაქის მთავრობასთან. მათივე თქმით, მნიშვნელოვანია ასევე არქიტექტურული კონკურსების გამოცხადება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ყველა დაინტერესებული პირი. არქიტექტორები იმედოვნებენ, რომ კომპატენტური ჟიური ობიექტურად შეაფასებს კონკურსანტებს.