„ეხოსთვის" მიცემულ ინტერვიუში „ევრაზეს-ის ინსტიტუტის" თანამშრომელი ნადანა ფრიდრიხსონი სამხრეთ კავკასიის პრობლემატიკაზე, მათ შორის საქართველოს შესახებაც საუბრობს.
გთავაზობთ ამონარიდს:
შეკითხვა: როგორ შეიცვლება სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში უახლეს მომავალში?
ნადანა ფრიდრიხსონი: მე არ ვფიქრობ, რომ წლის ბოლომდე რეგიონში ისეთი მნიშვნელოვანი რამ მოხდება, რაც სიტუაციას რადიკალურად შეცვლის. შეიძლებოდა ასეთი რაღაც მომხდარიყო აგვისტოში, მაგრამ ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავება თავიდან იქნა აცილებული. დღეს უფრო მეტ ყურადღებას საქართველო იქცევს, სადაც საინტერესო და იმავდროულად რთული პროცესები მიმდინარეობს. ქვეყნის ხელმძღვანელებს - პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ერთმანეთთან ღია კონკურენცია აქვთ. საქართველომ დასავლეთს ერთგულების ფიცი მისცა, პარალელურად კი რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავების აუცილებლობას აცხადებს.
გარდა ამისა, ბოლო დროს ქვეყანაში შიდაპოლიტიკური კრიზისის სხვა ნიშნებიც ჩნდება: არის პროვოკაციები რელიგიური კუთხით, ეთნიკურ ნიადაგზეც. ამიტომაც დღეს საქართველო, შეიძლება ითქვას, სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესების ერთგვარ მარკერად ითვლება - როგორ შეიძლება სიტუაცია განვითარდეს. თუ საქართველოში კრიზისი გაღრმავდება და ვთქვათ, მიხეილ სააკაშვილი ტრიუმფალურად დაბრუნდება, მაშინ ბევრი რამ შეიცვლება. დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურად თანდათან აქტიურდება... მოკლედ, საქართველო აქეთ-იქით „ნაპირებს ეხეთქება" და ეს ყველაფერი პირდაპირაა დაკავშირებული აზერბაიჯანის, თურქეთისა და რუსეთის პოლიტიკასთან.