ბათუმში გოგებაშვილის ქუჩაზე მშენებარე სასტუმროს ინვესტორს ადგილობრივი მოსახლეობა მათი სახლის დაზიანებაში ადანაშაულებს. გოგებაშვილის ქუჩაზე ე.წ. "კუბ თაუერის" მშენებლობა, სადაც საბოლოოდ სასტუმრო ბრენდი "Swiss Belhotel International"-ი განთავსდება და რომელსაც კომპანია "Adog Georgia" აშენებს, 8 თვის განმავლობაში შეჩერებულია. მშენებობის შეჩერების მიზეზი ადგილობრივი მოსახლეობის პრეტენზიები იყო, რომელთა მტკიცებითაც მათ სახლს სასტუმროს მშენებლობის დაწყების პროცესში ბზარები გაუჩნდა. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ სახლის დაზიანება ფულადი სახსრების დაზოგვის მიზნით მშენებლობის ტექნიკურად არასწორად წარმოების გამო მოხდა. მათივე ინფორმაციით, სახლსა და სასტუმროს შორის მშენებლობის დაწყებისას ე.წ. გამყოფი კედლისა და ცემენტიზაცია არ გაკეთებულა, რითაც მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა მაცხოვრებლებს.
"დაახლოებით 3 წლის უკან მთავრობამ გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე ფართი, სასტუმროს მშენებლობისათვის, აზერბაიჯანულ კომპანია Adog -ს 1 ლარად გადაეცა. კარგია როდესაც ახალი ინვესტიცია შემოდის და ქალაქში ახალი ობიექტი შენდება. თუ რატომ მოხდა ფართის 1 ლარად გადაცემა ეს ჯერ კიდევ საკითხავია, თუმც ამ კონკრეტულ ეტაპზე ეს ჩვენი საქმე არ არის. ინვესტორმა "კუბ თაუერის" მშენებლობა მართლაც დაიწყო, თუმცა მიმდინარე მშენებლობის პროცესში გამოიკვეთა, რომ გვერდით განთავსებული ტუფის ქვით ნაშენ, 4 სართულიან შენობას ბზარები გაუჩნდა. პროექტის მიხედვით, სასტუმრო 22 სართულიანი უნდა იყოს, თუმცა არსებობს თუ არა აღნიშნულ ტერიტორიაზე 22 სართულიანი შენობის მშენებლობის ნებართვა ადგილობრივ მოსახლეობას ინვესტორმა კომპანიამ არ აჩვენა. მშენებლობის პროცესში მოხდა ხიმინჯების ჩასმა მიწაში, რომლიც სიღრმეში ლამის 60 მეტრამდეა. ხიმინჯების ჩასმამ კი გამოიწვია ის, რომ დაიწყო ჩვენი სახლის საძირკველის გამორეცხვა. ჩვენი სახლის ფუნდამენტი დაიძრა და ამან განაპირობა ბზარები" - აცხადებს გოგებაშვილის #4-ში მდებარე სახლში მცხოვრები ლევან სილაგავა.
მოსახლეობა აცხადებს, რომ მშენებლობის დაწყებამდე სახლს არცერთ ბზარი არ გააჩნდა და მისი საბაზრო ღირებულება საკმაოდ მაღალი იყო.
მათი თქმით, ამის დადასტურება სასამართლო დავის შემთხვევაში მრავალი მოწმის საფუძველზე შეიძლება.
„მშენებლობის დაწყებიდან სულ 2-3 თვეში გაიხსნა სახლის გარეთა კედელი, დიდი ზომის ბზარები გაჩნდა მშენებლობის მხარეს არსებულ თითქმის ყველა ბინაში. ზოგიერთი ბინიდან შეიძლება ქუჩის დანახვა, გაიხსნა სახლის ჭერი", - აცხადებს
გოგებაშვილის #4 -ს მაცხოვრებელი გალინა ყუფარაძე.
მოსახლეობა აცხადებს, რომ ექსპერტის საშუალებით მოხდა ბზარების წარმოშობის მიზეზის გამორკვევა და დაიწყო დავა ბზარები ადრეც არსებობდა თუ სასტუმროს მშენებლობის პროცესში მოხდა მისი წარმოშობა.
"დავუშვათ ბზარები ადრეც იყო, მაგრამ სასტუმროს მშენებლობამ ბზარების წარმოშობა და გაფართოება უფრო დააჩქარა. ჩვენი პროტესტის შედეგად კომპანიამ მშენებლობის პროცესი გააჩერა. ამ დროისათვის დაიდო ექსპერტული დასკვნაც, რომლის წაკითხვაც სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციით შეიძლება. ექსპერტიზის დასკვნიდან გამოკვეთა, რომ ბზარების ნაწილი ადრეც არსებობდა, თუმცა სამშენებლო სამუშაოებმა პროცესი უფრო დააჩქარა და საჭირო იყო მისი გამაგრება და გამყოფი კედლის მშენებლობა.
თუმცა ამასობაში, კომპანია "Adog Georgia"-ს მიზეზით სახლის ღირებულება დაეცა", - აცხადებს სილაგავა.
როგორც ირკვევა, და ამაზე "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს" ინფორმაციაშიცაა საუბარი, 2011 წლის 18 თებერვალს შპს "Adog Georgia"-ს ერთ ლარად გადაეცა 1621 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომელიც გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარეობს. პირობების მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ინვესტორს 40 თვის განმავლობაში 22- სართულიანი სასტუმრო კომპლექსი "კუბიკ თაუერი" უნდა აეშენებინა. იმავდროულად, სასტუმრო მინიმუმ 100 ნომრისაგან უნდა შედგებოდეს და ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ სულ მცირე 100 ადამიანი დაასაქმოს.
სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, "Adog Georgia"-ს 2010 წლის 16 სექტემბერს ბათუმში დარეგისტრირდა და მის დირექტორად მიხეილ ძოძუაშვილია (რევაზ ძოძუაშვილის შვილი. რედ.) მოხსენიებული. რაც შეეხება კომპანია Adog-ის მფლობელს, იგი აზერბაიჯანში ცნობილი მილიარდერია და იმავდროულად არის აზერბაიჯანული საფეხბურთო კლუბის მფლობელიც, რომლის მწვრთვნელიც რევაზ ძოძუაშვილი იყო.
"მიხეილ ძოძუაშვილთან მეზობლებს გვქონდა მოლაპარაკება, რომ ჩამოსულიყო კომპანიის აზერბაიჯანელი მფლობელი და მომხდარიყო შეხვედრა და გადაჭრილიყო პრობლემები. ბატონი მუსა ბათუმში ჩამოვიდა, თუმცა მისი შეხვედრა საბოლოო ჯამში მოხდა არა სახლის მაცხოვრებლებთან არამედ სამთავრობო სტრუქტურებთან.
თუმცა ამასობაში, კომპანია "Adog Georgia"-ს არასწორად ჩატარებული სამუშაოების მიზეზით , რასაც საექსპერტო დასკვნაც მიუთითებს სახლი სტექნიკური მდგომარეობაყოველდიღიურად უარესდება", - აცხადებს გოგებაშვილის #4 -ში მაცხოვრებელი ომანი ნაკაშიძე.
გოგებაშვილის #4-ში (სახლი სადაც ადრე ასლან აბაშიძე ცხოვრობდა) მცხოვრებთ აქვთ ეჭვი, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასა და ინვესტორს შორის შედგა მოლაპარაკება, რომლის მიხედვითაც, ინვესტორი მშენებლობას გააგრძელებს, ხოლო მოსახლეობასთან მოლაპარაკებებს ბათუმის მერია აწარმოებს.
ადგილობრივი მოსახლეობა მიიჩნევს, რომ სასტუმროს მშენებლობის პროცესში ბზარები კიდევ უფრო მეტი ინტენსიურობით გაჩნდება და მოსახლეობას მერიასთან მოუწევს "ჭიდილი" სახლის გამაგრებაზე, თუმცა საბოლოოდ მერია ადგილობრივ მოსახლეობას გარეუბანში გასახლებას შესთავაზებს.
ადგილობრივი მცხოვრებლები შედარებასაც აკეთებენ და განმარტავენ , რომ გამყოფი კედლის მშენებლობა ბათუმში ცნობილი მრავალსართულიანი სასტუმრო "შერატონის" მფლობელებსაც მოუწია, თუმცა მათ არ დაუწყიათ ფულადი სახსრების დაზოგვა მოსახლეობის ხარჯზე სამუშაოები ტექნუკურად ზუსტად ჩაატარეს. ე.წ. გამყოფი კედლისა და ცემენტიზაცია ამოყვანა გააკეთეს მშენებლობის საწყის ეტაპზე, ნულოვანი დონის ამოყვანამდე და ხიმინჯების ჩასმის პროცესს გვერდით მდგარი სახლების ფუნდამენტებისათვის დაზიანება არ მიუყენებია.
თუ კი გოგებაშვილზე მდგარი სახლის მაცხოვრებლების პრობლემები არ მოგვარდება, მაშინ ისინი საპროტესტო აქციების მოწყობასაც არ გამორიცხავენ. მოსახლეობა საკუთარი სახლებით სხვა, ალტერნატიული ექსპერტის მოწვევასაც აპირებს.
მოსახლეობა ლევან სამხარეულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნასაც ასაჯაროებს, სადაც აღნიშნულია, რომ გეოლოგიური მონაცემებით დაახლოებით 28 მ სიღრმემდე არსებული გრუნტები ძლიერ წყალგაჯერებულია და ნაბურღნატანები ხიმინჯების მოწყობის დროს ჭაბურღილებში ქვევიდან ადგილი აქვს წყლის შემოდინებას,რაც თავისი მხრივ იწვევს გოგებაშვილის # 4-ში მდებარე სახლის ფუძე გრუნტების ნაწილობრივ გამორეცხვას."ამჟამად ნაბურღნატანები ხიმინჯების მოწყობის სამუშაობები თითქმის დასრულებულია,მაგრამ ქვაბულის ამოღების დროს ადგილი ექნება მშენებლობის მხარეს წყლის მოდინებას რაც სახლზე განვითარებული ჯდენითი დეფორმაციების სწრაფ პროგრესირებას გამოიწვევს"
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გოგებაშვილის # 4-ში მდებარე სახლის მმართველის სახელზე მიწერილ წერილში კი აღნიშნულია:
„სამინისტროს თანამშრომლებმა და ქ.ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა ადგილზე გასვლით მოახდინეს საკითხის შესწავლა და საცხოვრებელი სახლის ვიზუალური დათვალიერება, რომლის დროსაც დადგინდა, რომ შენობის სხვადასხვა კონსტრუქციულ ელემენტებზე, აგრეთვე მის მიმდებარედ ეზოს ნაწილში და უშუალოდ საძირკვლის გასწვრივ შეინიშნება სხვა და სხვა სახის ბზარები.
ამასთანავე დამატებით გაცნობებთ რომ, მშენებლობის განხორციელებისას დამკვეთმა, დამპროექტებელმა და მშენებელმა უნდა უზრუნველყონ ყველა საჭირო ღონისძიებების განხორციელება, რათა გამოირიცხოს მათი მიზეზით მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე შენობა-ნაგებობების კონსტრუქციების დეფორმაცია და დაზიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში დამკვეთი ვალდებულია ასეთი ფაქტის დადასტურებისას საკუთარი ხარჯებით გამოასწოროს მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე შენობა-ნაგებობების კონსტრუქციების დეფორმაცია და დაზიანება. იმ შემთხვევაში თუ ვერ ხერხდება დაზიანების გამოსწორება,მაშინ მოახდინოს შესაბამისი კომპენსირება მოსაზღვრე დაზიანებული შენობა-ნაგებობების მესაკუთრესთან შეთანხმების საფუძველზე"
კომპანია "Adog Georgia"-ს დირექტორი მიხეილ ძოძუაშვილი კი „ჯი-ეიჩ-ენთან საუბარში აცხადებს, რომ მათ მოსახლეობის საჩივრების გამო მშენებლობა გააჩერეს და ბზარების წარმოშობის შესასწავლად ექსპერტები დაიქირავეს.
"როდესაც სამხარაულის ექსპერტიზა მოვიწვიეთ მოხდა დადასტურება და ეს დასკვნაშიც ჩაიწერა, რომ სახლზე არსებობს ძველი ბზარები, რომელიც სახლს ადრეც გააჩნდა. ექსპერტის მხრიდან დაიწერა, რომ მას შემდეგ რაც ჩვენ სამშენებლო სამუშაოები დავიწყეთ შესაძლებელია, რომ პროცესს ძველი ბზარების გაფართოება დაეჩქარებინა. მაგრამ ამასთან ერთად ექსპერტებმა მოგვწერეს ასეთი რაღაც, რომ სახლზე ბზარების გაჩენა ჩვენიდან არ გამომდინარეობდა და ძალიან გთხოვთ, როდესაც სამშენებლო სამუშაოებს გააგრძელებთ ბზარების მიმართ დაკვირვება აწარმოეთო. ჩვენ ამ პრობლემის გამო უკვე 8 თვეა გაჩერებულნი ვართ და ბზარებზე ვაწარმოებთ დაკვირვებას", - აცხადებს მიხეილ ძოძუაშვილი.
თუმცა როგორც ირკვევა ინვესტორი კომპანია მხოლოდ ერთ საექსპერტო დასკვნას არ დაეყრდნო და ცნობილი საექსპერტო კომპანია "პროგრესიც" დაიქირავა, რათა შექმნილი სიტუაცია მასაც დამოუკიდებლად გაეანალიზებინა.
"სამხარეულის ეროვნულმა ბიურომ გვირჩია, რომ მშენებლობა გაგვეგრძელებინა და ჩვენის მხრიდან გამაგრება გაგვეკეთებინა. ეს იყო მათი რჩევა, აღნიშნულზე შესაბამისი ნახაზი ჩვენც გვქონდა და ვაპირებდით კიდეც. თუმცა "პროგრესმა" პირდაპირ გვითხრა, რომ წარმოქმნილ ბზარებთან ჩვენ არანაირი კავშირი არ გვაქვს და ეს ბზარები შესაძლოა გამომიდინარეობდეს გზის გაგანიერებიდან. როდესაც ამ სახლში შეხვალთ და გზაზე დიდი ავტომობილი გაივლის ვიბრაცია საკმაოდ საგრძნობია. ასევე შესაძლებელია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე შიდა წყლები გადიოდეს. დასკვნაში ასევე წერია, რომ როდესაც ზღვაზე არის შტორმი, წყლის ნაკადი მოძრაობდეს და სწორედ ამის გამო გამომდინარეობდეს ბზარებიც",- განმარტავს ძოძუაშვილი.
როგორც კომპანია "Adog Georgia"-ს ხელმძღვანელი განმარტავს, მშენებლობა უახლოეს პერიოდში განახლდება, რადგანაც კომპანიას სახელმწიფოს წინაშე გარკვეული ვალდებულებები აქვს აღებული და მშენებლობის ვადებში ჩატევა აუცილებელია. ცხადია შეჩერებული მშენებლობა აზარალებს თავად ინვესტორსაც და თუ კი მშენებლობა დროულად არ განახლდება, მაშინ კომპანიას დარღვეული ვალდებულებისთვის სახელმწიფომ გარკვეული ჯარიმაც კი დააკისროს, ან არსებული ხელშეკრულება გადაიხედოს, რაც ინვესტორის ინტერესში არ არის.
შეგახსენებთ, რომ "Swiss Belhotel International"-ის მშენებლობას შპს "Adog Georgia" უზრუნველყოფს. 185 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყება და ის 2 წელიწად ნახევარში დასრულდება. სასტუმრო 4 ვარსკვლავიანი იქნება. შედეგად რეგიონში კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით 40 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.
"Swiss Belhotel International" მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებსა და ქალაქებში მოღვაწეობს, მათ შორის: ჩინეთში, ავსტრალიაში, ჰონგ კონგში, ახალ ზელნადიაში, ინდონეზიაში, ტაილანდში და ა.შ. ბრენდი მთელს მსოფლიოში 125 სასტუმროს მფლობელია.