2 ოქტომბერს საქართველოს საგარეოს საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური ბიუროს ხელმძღვანელს, ლორენტ კორბაზს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელი ბილანა მილოშევიჩი.
შეხვედრაზე განხილულ იქნა თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. საუბარი შეეხო ასევე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას და, ამ კონტექსტში საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის აქტიური ჩართულობის აუცილებლობას.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს მიაწოდეს ინფორმაცია მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ამასთან, აღინიშნა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის წითელი ჯვრის საზოგადოებების ხელმძღვანელთა შეხვედრის მნიშვნელობა, რომელსაც ამჟამად საქართველო მასპინძლობს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა აღნიშნულ ორგანიზაციას საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული საქმიანობის გამო და ხაზი გაუსვა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჰუმანიტარული საქმიანობის მნიშვნელობას.
მასალის გამოყენების პირობები