,,ნაცმოძრაობა" ,,ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ორი წლისთვის შეფასებისას აცხადებს, რომ ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ხელდასმული მთავრობა ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით აგრძელებს ქართულ საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივებას, ოპონენტების დევნას, პოლიტიკურ შურისძიებასა და ძალადობრივი მეთოდებით ქვეყნის მართვას.
მათივე განმარტებით, 30 სექტემბრის ღამეს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის" ოფისთან გაზეთ „ასავალ-დასავალისა" და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ერთობლივად მოწყობილი პროვოკაცია ორწლიანი ძალადობის გაგრძელებაა.
,,პრემიერ ღარიბაშვილისა და მინისტრ ჭიკაიძის მიერ ორგანიზებული აგრესიული ჯგუფები რეგულარულად აწყობდნენ მსგავს პროვოკაციებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისთან. მოგვიანებით სამიზნე „თავისუფალი ზონა" გახდა - ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის მკვეთრი კრიტიკით გამოირჩევა.ყოველივე ზემოთ თქმულის ნათელი შედეგია არის ის, რომ „ქართული ოცნების" მიერ მართული ორგანიზაცია „თავისუფალი თაობა" თვეების განმავლობაში მოუწოდებდა თავის მომხრეებს მოეხდინათ ფიზიკური ანგარიშსწორება „თავისუფალი ზონის" წარმომადგენლების წინააღმდეგ. დღეების განმავლობაში მათი წარმომადგენლები მორიგეობდნენ „თავისუფალი ზონის" ოფისთან, რათა მოეხდინათ ორგანიზაციის წევრების პროვოცირება. ხოლო ამის შემდეგ „თავისუფალი თაობის" 50 აქტივისტი ოპერატიულად შეიკრიბა და შეიჭრა „თავისუფალი ზონის" შენობაში. პოლიციამ, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა, არ აღკვეთა „თავისუფალი თაობის" წარმომადგენლების მიერ „თავისუფალი ზონის" ოფისში შეჭრის მცდელობა. ინციდენტის შემდეგ პოლიცია შევიდა შენობაში, მაგრამ მხარეების დაშორიშორების და თავდამსხმელების დაკავების ნაცვლად, მათ დაიწყეს „თავისუფალი ზონის" წევრების დევნა. ელექტრო შოკის გამოყენებით დააკავეს ფარნაოზ ჭკადუა", _აცახდებენ პარტიაში.
,,ნაცმოძრაობის" წევრები მიიჩნევენ, რომ პასუხისმგებლობა დღევანდელ ვითარებაზე სრულიად ეკისრება „ქართული ოცნების" მთავრობას და პირადად ბიძინა ივანიშვილს.
,,ორი წლის განმავლობაში ხელისუფლებისგან მუდმივად გაისმოდა მოწოდებები ძალადობისკენ და პოლიტიკური ოპონენტებისა და განსხვავებული აზრის მატარებელ ჯგუფების ფიზიკურად ანგარიშსწორებისკენ.უფრო მეტიც, ხელისუფლება ხელს უწყობდა ძალადობრივი და სიძულვილის მქადაგებელი ჯგუფების შექმნას, ახალისებდა და ხელმძღვანელობდა მათ. შედეგად 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ეს ჯგუფები ფაქტობრივად უწყვეტ რეჟიმში ანხორციელებდნენ ძალადობრივ აქტებს, ფიზიკურად უსწორდებოდნენ პოლიტიკურ ოპონენტებს, მათ შორის დეპუტეტებს და განსხვავებული მსოფლმხედველობის მატარებელ ჯგუფებს. ჩვეულებრი მოვლენად იქცა ამ ჯგუფების აქტივისტების მხრიდან პოლიციელებისათვის წინააღმდეგობის გაწევა, ოპონენტების ოფისებთან მივარდნა და შეჭრა. ამ ფონზე ხელისუფლება, ფაქტობრივად, უარს ამბობდა საქმეების გამოძიებასა და დამნაშავეების იდენტიფიკაციაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც თავდამსხმელების ვინაობა ცნობილი იყო, „ქართული ოცნების" პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებელი პროკურატურა სიმბოლური ჯარიმების დადებით შემოიფარგლებოდა. საზოგადოება კარგად ხედავს, რომ, რეალური პრობლემების (უმუშევრობის ზრდა, ეკონომიკის სტაგნაცია, კრიმინალური ფონის მკვეთრი გაურესება) მოგვარებისა და თავისი წინასაარჩევნო დაპირებების შესრულების ნაცვლად, ოლიგარქი ივანიშვილი და პრემიერი ღარიბაშვილი დაკავებულნი არიან განსხვავებულ აზრთან ბრძოლით: მათთვის მიუღებელია პოლიტიკური ოპონენტების საპარლამენტო, კონსტრუქციული კრიტიკა; არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული საზოგადოებრივი მონიტორინგი; თავისუფალი მედიის მიერ აქტუალური თემების გაშუქება.სამწუხაროდ, ოლიგარქ ივანიშვილის მიერ ხელდასმული მთავრობის მართვის მეთოდები საქართველოს დემოკრატიული, ევროპული განვითარებისათვის უზარმაზარი საფრთხის შემცველია. მოვუწოდებთ ყველა დემოკრატიულ ძალას საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ: მოახდინოს ზემოქმედება საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა მან შეწყვიტოსძალადობრივი ჯგუფების ორგანიზება და მათი გამოყენება პოლიტკური ოპონენტების წინააღმდეგ;სისხლის სამართებლივი დევნის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება;და განახორციელოს ძალადობრივი და სიძულვილის მქადაგებელი ჯგუფების წინააღმდეგ ადექვატური ზომები", _აცადებენ პარტიაში.
,,ნაცმოძრაობა" მოუწოდებს ხელისუფლებას მიიღოს დემოკრატიული წყობისთვის დამახასიათებელი თამაში წესები და მოახდინოს ფოკუსირება ქვეყნისა და მოქალაქეების წინაშე არსებულ რეალურ პრობლემებზე.