ექთნების გადამზადების პირველი გრძელვადიანი პროგრამა საქართველოში „სამედიცინო კორპორაცია ევექსის" ორგანიზებით ხორციელდება, რომელიც გულისხმობს ექთნების კვალიფიკაციის ასამაღლებელ უფასო კურსებს და დასაქმების რეალურ შანსს კორპორაციის ქსელში არსებულ სამედიცინო ცენტრებში. ტრენინგები ჩაუტარდებათ საექთნო სასწავლებლების დამთავრებულ და დამამთავრებელ სტუდენტებს.
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით 100 კანდიდატისთვის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით თეორიული და პრაქტიკული სწავლების ჩატარებას. კონკურსანტებისთვის ლექციები უფასოა და დაფინანსებულია „სამედიცინო კოპორაცია ევექს"-ის მიერ. პროგრამის დასასრულს ყველა ის კანდიდატი, რომელიც გამოცდაზე გადალახავს 80 %-იან ბარიერს დასაქმდება კორპორაციის ქსელში არსებულ ჰოსპიტალებში.
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში, სადაც 7 500 - მდე თანამშრომელია დასაქმებული და ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს უწყვეტი სამედიცინო განათლება. დღეისათვის კორპორაცია მართავს 37 კლინიკას ქვეყნის 6 რეგიონში: იმერეთი, აჭარა, სამეგრელო, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი და შიდა ქართლი. კორპორაციის ჯამური საწოლფონდი 2,080-ს შეადგენს.