რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ ტერორისტების მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევა და სამოქალაქო საზოგადოების დანგრევაა. "ამას არ დავუშვებთ", _ განაცხადა დღეს რუსეთის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
მისი განცხადებით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე საუბარი ტერორიზმთან ბრძოლის მეთოდების ეფექტურობის ამაღლებაზე იქნება, "მათ შორის იმ სუსტ წერტილებზე, რომლებზეც მთელი ქვეყანა ლაპარაკობს".
"ეს ძალიან რთული ამოცანაა, თუმცა ყველას ესმის, რომ იგი უნდა გადავწყვიტოთ. მით უფრო, რომ ტერორისტების მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევა, სამოქალაქო საზოგადოების დანგრევა და მოსახლეობას შორის შიშისა და პანიკის დათესვაა", _ განაცხადა მედვედევმა და ამას რუსეთის ხელისუფლება არ დაუშვებს.
"ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ჩვენი ნაციისა და ჩვენი ქვეყნის კონსოლიდირება მოხდეს", _ განაცხადა მედვედევმა.