აგროდაზღვევის სახელმწიფო საპილოტე პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით სადაზღვევო კომპანია „ალდაგმა" მთელი საქართველოს მასშტაბით, აქტიური საინფორმაციო კამპანია დაიწყო.
დღეს, თელავში სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მარიანა მორგოშია და სადაზღვევო კომპანია „ალდაგის" გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი კახეთის რეგიონის ფერმერებს შეხვდნენ და აგროდაზღვევის პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრას ადგილობრივი მთავრობის და მედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
პროექტის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანია „ალდაგი" კახეთის რეგიონში მყოფ ფერმერებს ვაზის, ატმის, საზამთოროს, და მარცვლეული კულტურების დაზღვევის პროდუქტებს სთავაზობს. აღნიშნული კულტურების დაზღვევა შემდეგ რისკებს მოიცავს: სეტყვა, ჭარბი ნალექი და ქარიშხალი. ამ სტიქიური მოვლენების შედეგად განადგურებული მოსავლით დამდგარ ნებისმიერ ზარალს სადაზღვევო კომპანია „ალდაგი" აანაზღაურებს.
„ალდაგის" წარმომადგენლები მთელი საქართველოს მასშტაბით, ახდენენ ფერმერების ინფორმირებას აგროდაზღღვევის პროგრამასთან დაკავშირებით, აქტიურად დაწყებულია განაცხადების მიღება და პირველი პოლისების გაცემის პროცესი. სადაზღვევო კომპანია „ალდაგი" მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედოსთან" თანამშრომლობით, ფერმერებს სადაზღვევო პოლისების შეძენის მოქნილ და გამარტივებულ სქემას სთავაზობს. გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, ფერმერებს საშუალება აქვთ სადაზღვევო განაცხადების შესავსებად და პოლისის მისაღებად მიმართონ „კრედოს" ნებისმიერ ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა, და მას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში აგროდაზღვევის სტიმულირების მიზნით, სახელმწიფო დააფინანსებს სადაზღვევო პრემიის დიდ ნაწილს (80%-დან 90%-მდე). მაგალითისთვის, ვენახის დაზღვევისათვის, თუ მოსავლის სახით უნდა მიიღოს 1 ტონა პროდუქცია,რომლის ღირებულება შეადგენს 1000 ლარს ფერმერს მინიმუმ 5 ლარის გადახდა მოუწევს. პრემიის დანარჩენ ნაწილს, 80 ლარს სახელმწიფო აანაზღაურებს.
სადაზღვევო კომპანია „ალდაგს" აგროდაზღვევის მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. კომპანია აგრო პროდუქტების გაყიდვის კუთხით ბოლო სამი წლის განმავლობაში წამყვან მიკროსაფინანსო ორგანზიაცია კრედოსთან თანამშრომლობით, განსაკუთრებით გააქტიურდა და აღსანიშნავია, რომ დაზღვევის ამ სახეობაში „ალდაგს" 2 მილიონ ლარზე მეტი ზარალი აქვს ანაზღაურებული.