პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებას პასუხობს და განმარტავს, რომ დაუშვებელია გაერო-ში საპრეზიდენტო არჩევნებიდან ოთხი თვის შემდეგ არ იცოდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი აღარ არის ქვეყნის პირველი პირი.
"ჩვენთვის გაუგებარია ის ინფორმაცია, რომელიც დღეს მივიღეთ, როგორ შეიძლება, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის ფორუმზე, გაერო-ში საპრეზიდენტო არჩევნებიდან ოთხი თვის გასვლის შემდეგ არ იყოს ინფორმაცია მიწოდებული იმის შესახებ, რომ შეიცვალა პრეზიდენტი და მიხეილ სააკაშვილი აღარ არის ქვეყნის პირველი პირი", _განაცხადა ფხალაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებტ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე გაეროში კლიმატის ცვლილებების სამიტზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიწვევის შესახებ განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ თავდაპირველად მოწვევა არა მარგველაშვილის, არამედ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახელზე მიიღეს.
,,25 თებერვლით დათარიღებული მოწვევა მხოლოდ კლიმატის სამიტზე საქართველოს მისიამ 14 მარტს მიიღო და ეს მოწვევა მიხეილ სააკაშვილის სახელზე იყო. ესეც აჩვენებს იმას რამდენად ფორმალურია ეს მოწვევა. როდესაც მისიამ ინფორმაცია გაუგზავნა გაეროს იმის თაობაზე, რომ საქართველო პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იყო, ამას კიდევ დასჭირდა რამდენიმე კვირა და 30 მაისს მიიღო საგარეო უწყებამ ახალი მოწვევა უკვე მარგველაშვილის სახელზე, რომელიც მას 5 ივნისს გადაეგზავნა. Aანუ სულ რამდენიმე დღეში", _განაცხადა ფანჯიკიძემ არაბთა გაერთიანებულ საიმიროებში სტუმრობისას.