საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 2009 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 8631.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა; აქედან 2738.4 მლნ აშშ დოლარი იყო სამთავრობო სექტორის ვალი (31.7%), 913.7 მლნ აშშ დოლარი (10.6%) - ეროვნული ბანკის, 1601.4 მლნ აშშ დოლარი (18.6%) - საბანკო სექტორის, 1291.4 მლნ აშშ დოლარი (15.0%) - სხვა სექტორებისა და 2087.0 მლნ აშშ დოლარი (24.2%) - კომპანიათაშორისი ვალი. მთლიანი საგარეო ვალის 95.2 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
2009 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი გაიზარდა 233.9 მლნ აშშ დოლარით, აქედან 79.1 მლნ აშშ დოლარი მოდის სამთავრობო სექტორზე. 13.6 მლნ აშშ დოლარით შემცირდა ეროვნული ბანკის უცხოური ვალდებულებები. წინა კვარტლების მანძილზე კლების შემდეგ, კვლავ მოიმატა საბანკო სექტორის საგარეო ვალმა და ზრდამ 52.9 მლნ აშშ დოლარი შედგინა. ასევე იმატა სხვა სექტორებისა და კომპანიათაშორის სესხებმა, შესაბამისად, 77.1 და 38.4 მლნ აშშ დოლარით.
საგარეო ვალდებულებების ზრდა დაფიქსირდა ძირითადად უცხოური ვალუტით. საანგარიშო კვარტლის განმავლობაში უცხოური ვალუტით დენომინირებული საგარეო ვალდებულებების რაოდენობამ 207.7 მლნ აშშ დოლარით მოიმატა და პერიოდის ბოლოსათვის 8216.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ანალოგიურად, ეროვნული ვალუტით დენომინირებული საგარეო სესხი, 26.2 მლნ აშშ დოლარი ზრდით, 415.7 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.
სამთავრობო სექტორის საგარეო ვალი ოპერაციული ცვლილების შედეგად 99.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო ცვლილებით გამოწვეული კლების გამო 20.8 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 2009 წლის მესამე კვარტალში 13.6 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. კლების 28.4 პროცენტი (3.9 მლნ აშშ დოლარი) ოპერაციული ცვლილებით არის განპირობებული, ხოლო 71.6 პროცენტი (9.7 მლნ აშშ დოლარი) საკურსო ცვლილებების შედეგია.
საბანკო სექტორში, საანგარიშო პერიოდში გრძელვადიანი საგარეო ვალდებულებები 27.4 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. საპირისპიროდ, მნიშვნელოვნად გაიზარდა საბანკო სექტორში არსებული მოკლევადიანი საგარეო ვალი - 80.4 მლნ აშშ დოლარით. მოკლევადიანი უცხოური ვალდებულებების მატება, ძირითადად დეპოზიტების მკვეთრი ზრდით არის გამოწვეული. საკურსო ცვლილებების გამო, საბანკო სექტორის მთლიანმა საგარეო ვალმა, 2009 წლის IV კვარტალში 1.6 მლნ აშშ დოლარით მოიკლო.
სხვა სექტორების საგარეო ვალი, ოპერაციული ცვლილების შედეგად 78.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო ცვლილებით გამოწვეული კლების გამო 5.1 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. ანალოგიურად, კომპანიათაშორის სესხებში ოპერაციული ცვლილების შედეგად ზრდამ 42.0 მლნ აშშ დოლარი, ხოლო საკურსო ცვლილებებით გამოწვეულმა კლებამ 3.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
მთლიანი საგარეო ვალი 2009 წლის მეოთხე კვარტალში ოპერაციული ცვლილებებით 270.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო ცვლილებების შედეგად 40.8 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.