საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია უარყოფითია და 2009 წლის მეოთხე კვარტალის ბოლოს -11.3 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 10.8 პროცენტით აღემატება, ხოლო მიმდინარე წლის მესამე კვარტალთან შედარებით 2.7 პროცენტით მეტია. მთლიანი აქტივები 3.2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, აქედან 66.7 პროცენტი სარეზერვო აქტივების წილად მოდის. სარეზერვო აქტივები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42.6 პროცენტით არის გაზრდილი და 31 დეკემბრისათვის 2.1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნად მოიმატა ნასესხობის სპეციალური უფლებების (ნსუ) ანგარიშმა.
რაც შეეხება ვალდებულებებს, საანგარიშო პერიოდისთვის, მთლიანმა ვალდებულებებმა 14.4 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. პირდაპირი ინვესტორებისადმი ვალდებულებები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.2 პროცენტით გაიზარდა, და 7.6 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა. პორტფელის ინვესტიციის ვალდებულებებმა 869.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 500 მლნ აშშ დოლარი სამთავრობო ევრობონდებია.
წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საანგარიშო კვარტალის ბოლოსათვის, ეროვნული ბანკის სასესხო ვალდებულებები 49.3 პროცენტით გაიზარდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრედიტების ხარჯზე, და 687.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სამთავრობო სექტორის სასესხო ვალდებულებები 28.6 პროცენტით გაიზარდა. საპირისპიროდ, საბანკო სექტორის სასესხო ვალდებულებები 24.0 პროცენტით არის მოკლებული. აქედან, გრძელვადიანი ვალი 11.3 პროცენტით, ხოლო მოკლევადიანი ვალი 70.7 პროცენტით შემცირდა. გასული წლის ანალოგიური პერიოდის მიმართ, ვალდებულებები ნაღდი ფულის და დეპოზიტების სახით 61.0 პროცენტით გაიზარდა.
2009 წლის აგვისტო-სექტემბერში მსოფლიო სავალუტო ფონდმა განახორციელა ნასესხობის სპეციალური უფლებების ახალი განაწილება. ამის შედეგად, საქართველომ მიიღო 144 მლნ ნსუ (225 მლნ აშშ დოლარის ექვივალენტი). რომლის ასახვაც, ერთის მხრივ, როგორ უკვე აღინიშნა, მოხდა სარეზერვო აქტივებში, ხოლო მეორეს მხრივ სხვა ინვესტიციების სხვა გრძელვადიან ვალდებულებებში. აქედან გამომდინარე, 2009 წლის მეოთხე მეოთხედის ბოლოსათვის, ეროვნული ბანკის სხვა ვალდებულებებმა 225.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.