„პრეზიდენტ პუტინის მისმა „იდეურობამ" შესაძლოა მას უბიძგოს ემოციური გადაწყვეტილების მიღებისკენ - დაიწყოს უკრაინაში „სრულმაშტაბიანი შეჭრა", რაც კატასტროფის ტოლფასია. ამის შესახებ რუსეთში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, ამჟამად კი სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა მაიკ მაკფოლმა განაცხადა.
„...დღეს ყველაზე მეტად ვარ შეშფოთებული. ამჟამად ძალიან ნერვიული ვითარებაა, რადგან პუტინის ხალხი აგებს ამ ომს უკრაინასთან. ეს ჩემთვის ნათელია. ეს პუტინს როგორც არასდროს, ისეთ სასოწარკვეთილებამდე მიიყვანს. მე ვხედავ საფრთხეს, რომ მან შეიძლება ეს ნაბიჯი გადადგას (შეჭრა. რედ). ეს შემობრუნდება კატასტროფად ყველასთვის, რადგანაც ამ ომში გამარჯვებული არ იქნება", - განაცხადა მაკფოლმა.
მან აღნიშნა, რომ დღევანდელ მოვლენებამდე ის გამოდიოდა იმ შინაგანი რწმენიდან, რომ პუტინს უნდა გაეგო ელემენტარული რამ: - უკრაინაში შეჭრა დიდი პერიოდით განაპირობებს უამარავ მსხვერპლს.
„ვფიქრობ, რომ ჩვენი ილუზია და არასწორი გათვლა მდომარეობს იმაში, რომ პუტინს ჩვენ განვიხილავთ, როგორც რაციონალურ მოთამაშეს. ჩვენ ბოლომდე არ გვესმის, რომ პუტინი - უკიდურესად იდეური ადამიანია. დარწმუნებული ვარ, რომ ის მოტივირებულია იდეოლოგიურად. ჩვენ კი მას ვეპყრობით, როგორც დიდ სტრატეგს, ეს იმ დროს, როდესაც ფაქტობრივად ის ემოციური მოთამაშეა", - განაცხადა მაკფოლმა და დასძინა, - „ ჩვენ ვცდილობთ ავწიოთ ფასი, იმის იმედით, რომ პუტინი უკან დაიხევს, ეს მაშინ, როდესაც ის აზროვნებს უკიდურესად იდეოლოგიურად".
მაიკ მაკფოლი აშშ-ში რუსეთის ერთ ერთ ყველაზე გამორჩეულ სპეციალისტად ითვლება.