აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 15 ბავშვი 22 აგვისტოდან ააიპ სამედიცინო ასოციაცია „თანა"-ს სარეაბილიტაციო ცენტრში სარეაბილიტაციო და სამკურნალო კურსს გაივლის.
ბავშვები 2 კვირის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნებიან სადღეღამისო მომსახურებით და ექიმის მეთვალყურეობით. ჩაუტარდებათ სარეაბილიტაციო ღონისძიებები, დაგეგმილია სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობი პროექტები (გასვლები ბოტანიკურ ბაღში, აქვაპარკში, დელფინარიუმში, ხელოვნების მუზეუმში და ა.შ).
აზერბაიჯანელი ბავშვების დასვენება და სარეაბილიტაციო კურსის გავლა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდება. მთავრობამ შშმ ბავშვების ბათუმში მოწვევის გადაწყვეტილება ბათუმში აზერბაიჯანის საკონსულოს მიერ აჭარაში მცხოვრები ბრონქული ასთმის და სასუნთქი სისტემის სხვადასხვა დაავადებების მქონე ბავშვების ნახიჩევანის სპეციალიზირებულ სარეაბილიტაციო ცენტრში მიწვევის შემდეგ მიიღო. ქართველი ბავშვები ნახიჩევანში სანატორიულ-კურორტული მკურნალობას 2012 წლიდან გადიან, წელს აქციამ ორმხრივი თანამშრომლობის სახე მიიღო.
ქ. ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს ინიციატივით 23 აგვისტოს, ნახიჩევანის სპეციალიზირებულ სარეაბილიტაციო ცენტრში აჭარიდან 22 ბავშვი გაემგზავრება. ბრონქული ასთმით და სასუნთქი სისტემის სხვადასხვა დაავადებების მქონე ბავშვები სანატორიულ-კურორტული მკურნალობას 2 კვირის განმავლობაში გაივლიან. ბავშვებს მშობლები და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ორი წარმომადგენელი გაჰყვებიან.