რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინს ეჭვი არ ეპარება, რომ მოსკოვის მეტროპოლიტენში მომხდარ ტერაქტის ჩამდენი პირები დასჯილნი იქნებიან.
"დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი ორგანოები გააკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ მოძებნონ და დასაჯონ დამნაშავეები. ტერორისტები განადგურდებიან", _ აცხადებს პუტინი.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის მეტროში დღეს დილით, 29 მარტს, ორი აფეთქება მოხდა. პირველი აფეთქება მეტროსადგურ "ლუბიანკაზე" 07:56 საათზე, მეორე კი "პარკ კულტურიში" 08:39 საათზე დაფიქსირდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავები უკვე რამდენიმე ვერსიას ამუშავებენ. მოსკოვის პროკურორის იური სიომინის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ აფეთქებები თვითმკვლელი ტერორისტების მიერ განხორციელებულიყო.
დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ყოველ წუთს იცვლება. ამ დროისთვის 40-მდე გარდაცვლილის შესახებ საუბრობენ, რომელთა შორის არიან როგორც მეტროს მატარებელში, ისე სადგურის პლატფორმაზე მყოფი მოქალაქეებიც.
გარდაცვლილების გარდა არიან დაშავებულებიც. ამ დროისთვის მოსკოვის სხვადასხვა საავადმყოფოში 60-ზე მეტი მოქალაქეა გადაყვანილი. აღსანიშნავია, რომ მათი სამედიცინო დაწესებულებებში ტრანსპორტირება ვერტმფრენებით ხორცილდებოდა, რადგან რუსეთის დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში გზები პარალიზებული იყო.
აღსანიშნავია, რომ მომხდარ აფეთქებებთან და გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებისგან ინფორმაცია უკვე მოისმინა რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა.
30 მარტი მოსკოვში გლოვის დღედ გამოცხადდა.
მასალის გამოყენების პირობები