პარგვაიში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ვიზიტს გავლენიანი ადგილობრივი გამოცემა „აბც" ეხმიანება. „ჯი-ეიჩ-ენი გთავაზობთ გამოცემაში გამოქვეყნებული პუბლიკაციის თავისუფალ თარგმანს.
საქართველო, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, შეიძლება პარაგვაის პროდუქციის გასაღების ბაზარი გახდეს აზიისა და ევროპისათვის, თანაც რეექსპორტისათვის გადასახადის გარეშე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ვიზიტით იმყოფება სხვა დეპუტატებთან ერთად.
ქართველი პარლამენტარი, დედაქალაქის სასტუმროში ჩვენთან საუბრისას ძირითადად თავისი ქვეყნის უპირატესობაზე ლაპარაკობდა - საქართველოს სტრატეგიულ გეოპოლიტიკურ მდებარეობაზე, შავი ზღვის ნაპირებზე, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო დერეფანზე. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს, რომელიც რუსეთს 1991 წელს ჩამოშორდა და დამოუკიდებლობა გამოაცხადა, გააჩნია ნავსადგუ-რების ინფრასტრუქტურა, სახმელე-თო სატრანსპორტო კომუნიკაციები, მილსადენები ენერგოშემცველების ექსპორტისათვის და თან პროდუქ-ციის რეექსპორტისათვის საბაჟო მოსაკრებლებს არ იღებს. დავით უსუფაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ შავი ზღვის აუზის ქვეყნების ბაზარზე პროდუქციის შესატანად საქართველოს ტერიტორიით სარგებლობა გარდაუვალია.
კიდევ ერთი უპირატესობა, რაც საქართველოს აქვს და რაც მრავალი ქვეყნის ბიზნესმენებისათვის მიმზიდველი ფაქტორია, ესაა ეკონომიკის თავისუფლება და ის შეთანხმება, რომელიც ევროკავშირთან გაფორმდა. საქართველოს თურქეთთანაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აკავშირებს. საქართველოს ტერიტორიის გავლით პროდუქციის გატანა რუსეთშიც შეიძლება, - აღნიშნა ქართველმა კანონმდებელმა.
ქართველი სტუმრის თქმით, საქართველოში პარაგვაული ხორცისა და სოიას გადამუშავებაც შეიძლება მისი რეექსპორტის მიზნით. თბილისი დაინტერესებულია პარაგვაის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით და ამ სფეროში ბიზნესის განვითარებით, თუმცა ეს საკითხი ჯერ-ჯერობით შესწავლას საჭიროებს.
დავით უსუფაშვილს აინტერესებდა აგრეთვე რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებული პრობლემატიკა და პარაგვაის პოზიცია. მან განაცხადა, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული: მოსკოვმა ორი სეპარატისტული რეგიონის - აფხზეთისა და სამხრეთ ოსეთის ფესევდო-დამოუკიდებლობა სცნო, თუმცა ისინი, რუსეთის გარდა, მხოლოდ ორ-სამ ქვეყანას ჰყავს აღიარებული, ისიც მხოლოდ ქრთამის მეშვეობით. ორივე სეპარატისტული რეგიონი ნიკარაგუამ და ვენესუელამ აღიარა.
დავით უსუფაშვილი, რომელიც საქართველოს ოთხკაციან დელეგაციას ხელმძღვანელობს, ჩვენს ქვეყანას კოლეგებთან კონტაქტების გაბმის მიზნით ეწვია. როგორ იუწყებიან, დღეს იგი პრეზიდენტ ორასიო კარტესს შეხვდება.
საქართველო - უძველესი ქვეყანა
საქართველო ევროპასა და აზიას შორის მდებარეობს, შავი ზღვის ნაპირებზე, მისი ფართობი 70 ათას კვადრატულ კილომეტრს შეადგენს, მოსახლეობა - დაახლოებით 5 მილიონი მცხოვრები. საქართველოში კავკასიური უძველესი ცივილიზაციის მქონე ხალხი ცხოვრობს, მის ტერიტორიას უამრავი მომხვდურის შემოსევა განუცდია. საქართველო ცნობილია ღვინის უძველესი კულტურით, რომელიც დაახლოებით 70 თუ 80 საუკუნეს ითვლის.