დღეს საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. გიორგი მარგველაშვილისა და ანდრის ბერზინშის საუბრის მთავარი თემა ნატო-ს სამიტზე განსახილველი საკითხები იყო. როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა მნიშვნელოვანია, რომ სამიტზე ერთიანი ძალისხმევით შეიქმნას ახალი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების გაძლიერებას. ლიდერებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე სულ უფრო აქტუალური ხდება ახალგაზრდა დემოკრატიების სტაბილურობა და მშვიდობიანი განვითარების გარანტიები. გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება სამიტის კომუნიკეზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ შემაჯამებელი დოკუმენტი უნდა აძლიერებდეს საქართველოს ალიანსში გაწევრების პერსპექტივას.
საუბრისას, საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ლატვიელ კოლეგას ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ლატვიის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი, რომელიც ნოემბერში შედგება, კიდევ უფრო გააღრმავებს ორი ქვეყნის ურთიერთობას, მათ შორის, ეკონომიკის, მეცნიერებისა და კულტურის მიმართულებით. ეკონომიკის საკითხებზე საუბრისას, მხარეებმა აღნიშნეს, რომ ლატვიის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ლატვიელ ბიზნესმენთა დელეგაციაც ესტუმრება.
მასალის გამოყენების პირობები