მოსკოვის მეტროპოლიტენში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა კრემლში გამართულ საგანგებო თათბირზე რამდენიმე განკარგულება გასცა. თათბირის დაწყებისას, მედვედევმა მეტროში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილებს პატივი მიაგო.
მედვედევმა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს დაავალა, მუდმივ კონტროლზე აიყვანონ ტერაქტების გამოძიება და მუდმივად აცნობონ მას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.
მთავრობას დაევალა, აღმოუჩინონ საჭირო დახმარება ყველა დაზარალებულს. მედვედევის განკარგულებით, მთელ ქვეყანაში არსებულ ტრანსპორტზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრდება.
"ამგვარი ტერორისტული აქტების აღკვეთა რთული საქმეა, ისევე როგორც უსაფრთხოების უზრუნველყოფა ტრანსპორტში. გასული წლის გამოცდილება ამას გვიჩვენებს. საჭიროა მნიშვნელოვნად გაძლიერდეს ის, რასაც ამჟამად ვაკეთებთ. ამ პრობლემას სახელმწიფოებრივი მასშტაბით უნდა შევხედოთ. პირველ ყოვლისა, უნდა დავეხმაროთ იმნ ადამიანებს, რომლებიც მომხდარი ტერაქტის გამო დაზარალდნენ. დახმარება უნდა აღმოეჩინოთ გარდაცვლილთა ოჯახებს. დღეს მთავრობა ამასთან დაკავშირებით, თათბირს ჩაატარებს, სადაც დაზარალებულთა დახმარების საკითხებზე დეტალურად იმსჯელებს. მთავრობას ამის გაკეთებას ვავალებ. კეთილგონიერება უნდა გამოვიჩინოთ. ცხადია, რომ ამგვარი ტიპის აქციები ყოველთვის კარგად არის ხოლმე დაგეგმილი და მასობრივი ეფექტისთვისაა განკუთვნილი, ისინი მიმართულია იმისკენ, რომ გამოიწვიონ დესტაბიიზაცია ქვეყანასა და საზოგადოებაში. ამიტომაც შესაბამისმა ორგანოებმა მკაცრად უნდა აკონტროლონ სიტუაცია, ამასთან ერთად არ უნდა იქნეს დაშვებული ადამიანის უფლებათა დარღვევა. გენერალურმა პროკურატურამ და საგამოძიებო კომიტეტმა უნდა გააგრძელონ მტკიცებულებათა შეგროვება და გამოძიება. როგორც კი დასრულდება მტკიცებულებათა შეგროვება მოძრაობა უნდა გაიხსნას იმიტომ რომ ქალაქი არ დაზარალდეს და მეტროპოლიტენის მუშაობა არ შეფერხდეს. ყველაფერი გქონდეთ კონტროლზე და ყველა ანგარიში ჩამაბარეთ. დაბოლოს, ჩვენს ქვეყანაში ტერორის ჩახშობის ხაზი და ტერორიზმთან ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებთ", - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის მეტროში დღეს დილით, 29 მარტს, ორი აფეთქება მოხდა. პირველი აფეთქება მეტროსადგურ "ლუბიანკაზე" 07:56 საათზე, მეორე კი "პარკ კულტურიში" 08:39 საათზე დაფიქსირდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავები უკვე რამდენიმე ვერსიას ამუშავებენ. მოსკოვის პროკურორის იური სიომინის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ აფეთქებები თვითმკვლელი ტერორისტების მიერ განხორციელებულიყო.
დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ყოველ წუთს იცვლება. ამ დროისთვის 40-მდე გარდაცვლილის შესახებ საუბრობენ, რომელთა შორის არიან როგორც მეტროს მატარებელში, ისე სადგურის პლატფორმაზე მყოფი მოქალაქეებიც.
გარდაცვლილების გარდა არიან დაშავებულებიც. ამ დროისთვის მოსკოვის სხვადასხვა საავადმყოფოში 60-ზე მეტი მოქალაქეა გადაყვანილი. აღსანიშნავია, რომ მათი სამედიცინო დაწესებულებებში ტრანსპორტირება ვერტმფრენებით ხორცილდებოდა, რადგან რუსეთის დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში გზები პარალიზებული იყო.
აღსანიშნავია, რომ მომხდარ აფეთქებებთან და გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებისგან ინფორმაცია უკვე მოისმინა რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა.
30 მარტი მოსკოვში გლოვის დღედ გამოცხადდება.
მასალის გამოყენების პირობები