"რაშა თუდეის" ჟურნალისტი იულია შაპოვალოვა აფეთქების დროს სადგურ "პარკ კულტურიში" იმყოფებოდა. ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება. ჟურნალისტი აფეთქებას იხსენებს.
"სადგურის მომსახურე პერსონალმა ხალხის ევაკუაცია დაიწყო, რაც ნიშნავს, რომ მათ პირველი აფეთქების შესახებ უკვე იცოდნენ. როგორც კი კიბეებზე ამოვედით აფეთქების ხმაც გავიგეთ", - განაცხადა იულია შაპოვალოვამ.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის მეტროში დღეს დილით, 29 მარტს, ორი აფეთქება მოხდა. პირველი აფეთქება მეტროსადგურ "ლუბიანკაზე" 07:56 საათზე, მეორე კი "პარკ კულტურიში" 08:39 საათზე დაფიქსირდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავები უკვე რამდენიმე ვერსიას ამუშავებენ. მოსკოვის პროკურორის იური სიომინის განცხადებით, არ არის გამორიცხული, აფეთქებები თვითმკვლელი ტერორისტების მიერ განხორციელებულიყო.
დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ყოველ წუთს იცვლება. ამ დროისთვის 40-მდე გარდაცვლილის შესახებ საუბრობენ, რომელთა შორის არიან როგორც მეტროს მატარებელში, ისე სადგურის პლატფორმაზე მყოფი მოქალაქეებიც.
გარდაცვლილების გარდა არიან დაშავებულებიც. ამ დროისთვის მოსკოვის სხვადასხვა საავადმყოფოში 60-ზე მეტი მოქალაქეა გადაყვანილი. აღსანიშნავია, რომ მათი სამედიცინო დაწესებულებებში ტრანსპორტირება ვერტმფრენებით ხორციელდებოდა, რადგან რუსეთის დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში გზები პარალიზებული იყო.
მასალის გამოყენების პირობები