ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს კახა თარგამაძეს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი უთხრას. როგორც ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა, თარგამაძემ იუსტიციის სამინისტროს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით და ერთ დღეში მიიღო დადებითი დასკვნა იუსტიციისა და შს მინისტრებისგან, რის შემდეგან განაცხადი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შევიდა.
"შეგახსენებთ, ვინ იყო რკინის კაცი - კახა თარგამაძე. ადამიანი, რომელმაც საქართველო მოაქცია კორუფციის და ძალადობის ჭაობში. მისი მინისტრობისას გახსოვთ ალბათ ე.წ გაი, რომელიც ატყავებდა საქართველოს მოქალაქეებს, მის პერიოდში ალბათ გახსოვთ, როგორ აგდებდნენ ადამიანებს პოლიციის შენობებიდან. თარგამაძე გადაფარებული შედიოდა კანონიერ ქურდებთან თათბირზე. ეს იყო ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელმაც გამოიწვია კრახი საქართველოში და დღეს ის ითხოვს მოქალაქეობას და მას პოზიტიურ დასკვნას აძლევს ქალბატონი წულუკიანი და ბატონი ჭიკაიძე. ბუნებრივია, ეს არის ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა. საქართველოს კანონმდებლობით, მოქალაქეობის მინიჭება განსაკუთრებული წესით შეიძლება მხოლოდ იმ ადამიანების მიმართ, ვისაც აქვს განსაკუთრებული როლი და დანიშნულება საქართველოს მიმართ. მე მინდა მარგველაშვილს მოვუწოდო, არ ჩაიდინოს ის მოქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს და არ მიანიჭოს მოქალაქეობა კახა თარგამაძეს. ეს არის ის მოწოდება და საზოგადოების ის გამოძახილი, რომელიც 2001 წელს დაფიქსირდა და არ დააბრუნოს საქართველო წარსულში. ჩვენ უკვე გავიგეთ ქალბატონი წულუკიანის დამოკიდებულება, კარგად ვიცით ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება, რომ მათი სურვილია, სწორედ იმ პერიოდში დაბრუნება, როდესაც საქართველო იყო ჩამოშლილი სახელმწიფო. ახლა ჯერი დადგა პრეზიდენტ მარგველაშვილზე, მის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, მოხდება თუ არა თარგამაძისთვის მოქალაქეობის მინიჭება", - განაცხადა მინაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები