რუსეთის ფედერაციის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ჩრდილო კავკასიის მიმართულების ხელმძღვანელმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვის მეტროპოლიტენში მომხდარ ტერორისტულ აქტთან კავშირში არის ტერორისტული ჯგუფი, რომელსაც თავის მხრივ კავშირი აქვს ჩრდილოკავკასიელ ტერორისტებთან.
ეს განცხადება ბორტნიკოვმა რუსეთის პრეზიდენტთან დიმიტრი მედვედევთან გამართულ საგანგებო თათბირზე გააკეთა.
"წინასწარი ვერსიით, ეს ტერაქტები იმ ტერორისტულმა ჯგუფებმა განახორციელეს, რომლებსაც კავშირი აქვთ ჩრდილოკავკასიის რეგიონთან. ამას ძირითად ვერსიაD მივიჩნევთ, იმიტომაც, რომ უკვე ნაპოვნია ორი თვითმკვლელი ტერორისტი ქალის გვამი, რომელთა საცხოვრებელი ადგილი ჩრდილოკავკასიაშია", _ განაცხადა ბორტნიკოვმა.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის მეტროში დღეს დილით, 29 მარტს, ორი აფეთქება მოხდა. პირველი აფეთქება მეტროსადგურ "ლუბიანკაზე" 07:56 საათზე, მეორე კი "პარკ კულტურიში" 08:39 საათზე დაფიქსირდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავები უკვე რამდენიმე ვერსიას ამუშავებენ. მოსკოვის პროკურორის იური სიომინის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ აფეთქებები თვითმკვლელი ტერორისტების მიერ განხორციელებულიყო.
დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ყოველ წუთს იცვლება. ამ დროისთვის 40-მდე გარდაცვლილის შესახებ საუბრობენ, რომელთა შორის არიან როგორც მეტროს მატარებელში, ისე სადგურის პლატფორმაზე მყოფი მოქალაქეებიც.
გარდაცვლილების გარდა არიან დაშავებულებიც. ამ დროისთვის მოსკოვის სხვადასხვა საავადმყოფოში 60-ზე მეტი მოქალაქეა გადაყვანილი. აღსანიშნავია, რომ მათი სამედიცინო დაწესებულებებში ტრანსპორტირება ვერტმფრენებით ხორცილდებოდა, რადგან რუსეთის დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში გზები პარალიზებული იყო.
აღსანიშნავია, რომ მომხდარ აფეთქებებთან და გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებისგან ინფორმაცია უკვე მოისმინა რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა.
მასალის გამოყენების პირობები