30 მარტი, სამშაბათი, მოსკოვის მეტროპოლიტენში მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით მოსკოვში გლოვის დღედ გამოცხადდება. ეს განცხადება დღეს მოსკოვის მერის პრესსმდივანმა სერგეი ცოიმ გააკეთა.
"მოსკოვის მთავრობა ტერაქტების შედეგად დაზარალებულთა დახმარებას განაგრძობს, მიუხედავად მათი საცხოვრებელი ადგილისა. ამას გარდა, ამჟამად მუშავდება სხვა ღონისძიებების ნუსხა, რომელიც ტერაქტის შედეგად დაზარალებულებს შეეხება. ამასთან დაკავშირებით მალე მოსკოვის მთავრობა შესაბამის დადგენილებასაც გამოტანს", _ განაცხადა ცოიმ.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის მეტროში დღეს დილით, 29 მარტს, ორი აფეთქება მოხდა. პირველი აფეთქება მეტროსადგურ "ლუბიანკაზე" 07:56 საათზე, მეორე კი "პარკ კულტურიში" 08:39 საათზე დაფიქსირდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავები უკვე რამდენიმე ვერსიას ამუშავებენ. მოსკოვის პროკურორის იური სიომინის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ აფეთქებები თვითმკვლელი ტერორისტების მიერ განხორციელებულიყო.
დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ყოველ წუთს იცვლება. ამ დროისთვის 40-მდე გარდაცვლილის შესახებ საუბრობენ, რომელთა შორის არიან როგორც მეტროს მატარებელში, ისე სადგურის პლატფორმაზე მყოფი მოქალაქეებიც.
გარდაცვლილების გარდა არიან დაშავებულებიც. ამ დროისთვის მოსკოვის სხვადასხვა საავადმყოფოში 60-ზე მეტი მოქალაქეა გადაყვანილი. აღსანიშნავია, რომ მათი სამედიცინო დაწესებულებებში ტრანსპორტირება ვერტმფრენებით ხორცილდებოდა, რადგან რუსეთის დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში გზები პარალიზებული იყო.
აღსანიშნავია, რომ მომხდარ აფეთქებებთან და გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებისგან ინფორმაცია უკვე მოისმინა რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა.
მასალის გამოყენების პირობები