„საქართველოს პრორუსული ხაზი - ეს ისეთი ისტორიული ანომალიაა, როგორც ის, რომ უკრაინას ბოლო წლებში ვიქტორ იანუკოვიჩი მართავდა", - - განაცხადა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა ტელეარხ „უკრაინის" საინფორმაციო პროგრამა „ნედელიას"ჟურნალისტთან ალექსანდრე მოზგოვოისთან.
„ეს ყველაფერი დროებითია, რადგან ქართველ ხალხს უკრაინელი ხალხის მსგავსად, თავისუფლება სურს. კარგია, რომ იმ რეფორმებს, რომელთა გატარებაც ჩვენ მოვასწარით, ვერ გააუქმებენ. ჯერ-ჯერობით სახელმწიფო აპარატი კარგია, კორუფცია ჯერ არ არის, ჯერ-ჯერობით შენარჩუნებულია მინიმალური ბიუროკრატია და კარგი ინფრასტრუქტურა. ჩვენ ძალიან კარგი წინამძღვრები დავტოვეთ, ხალხმა დაინახა, რომ ეს კარგია. თუ ვინმე პრორუსული ოლიგარქი რაიმე პროვოკაციას მოაწყობს, ეს მაინც დროებითი მოვლენა იქნება. ქართველი და უკრაინელი ხალხები ერთად არიან და ერთადვე გავიმარჯვებთ", - განაცხადა სააკაშვილმა.
საქართველოს ექს-პრეზიდენტის თქმით, „უკრაინას ძალიან გაუმართლა იმ აზრით, რომ ქვეყნის ლიდერს პეტრო პოროშენკოს რუსეთის არ ეშინია. ვლადიმერ პუტინი ყოველთვის დაშინებას ცდილობს. არის ასეთი მეთოდი - სხეულის ენა, საკუთარი ფიგურით ზეწოლა. მე მახსოვს ანგელა მერკელისა და ნიკოლა სარკოზის პირველი შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან. იგი მათ ფიზიკურად შიშს უნერგავდა. პეტრო პოროშენკოს კი, ეს სურათებითაც ჩანს, პუტინის არ ეშინია, ეს ძალიან დიდი მიღწევაა. ჩვენ ბევრი დავკარგეთ იმით, რომ პოსტსაბჭოთა ლიდერებს, დსთ-ის ქვეყნების მეთაურებს უბრალოდ, ეშინოდათ, ავტომატურად უკან იწევდნენ, როცა პუტინი მათ თრგუნავდა".
მიხეილ სააკაშვილი სტუდიაში პატრიოტული სიმბოლიკით - პიჯაკის ლაცკანზე მიმაგრებული წითელი ყაყაჩოთი და ხელზე უკრაინის დროშის ფერებიანი ბრასლეტით მივიდა. მისი თქმით, ეს სიმბოლიკა ბრძოლებში დაღუპული უკრაინელი და ქართველი ჯარისკაცების ხსოვნის პატივისცემას ნიშნავს: „ძალიან დასანანია და უაზროა, რაც ახლა უკრაინაში - მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მშვიდობიან ქვეყანაში ხდება. ომი მიმდინარეობს, ადამიანები იღუპებიან... აი, დღესაც ბრძოლებმა რამდენიმე უკრაინელი მებრძოლი იმსხვერპლა, მათ შორის კოლია ბერეზოვოი, რომელიც 1990-იან წლებში საქართველოში რუსეთს ებრძოდა".
მიხეილ სააკაშვილმა დაამატა, რომ უკრაინის დროშის ფერებიანი ბრასლეტი მას ლვოვში ყოფნის დროს ბავშვებმა აჩუქეს: „ისინი ამ სამაჯურებს თვითონ აკეთებენ, ყიდიან და შემდეგ მოგროვილი ფულით არმიას ეხმარებიან".