მოსკოვის მეტროპოლიტენში პირველი ტერაქტი 1977 წლის იანვარში მოხდა. ამ აფეთქებამ 7 ადამიანის სიცოცხლე წაიღო. აფეთქება მაშინ მოხდა მატარებელში რომელიც მეტროსადგურებს "ისმაილოვსკაიასა" და "პერვპომაისკაიას" შორის იმყოფებოდა. აღნიშნულ ტერაქტში ეჭვმიტანილები აფეთქებიდან მესამე დღეს დააკავეს. სასამართლო დახურულ რეჟიმში წარიმართა და სამ ბრალდებულს დახვრეტა მიესაჯა.
ამ შემთხვევიდან 19 წლის შემდეგ მოსკოვის მეტროპოლიტენში მეორე ტერაქტი მოხდა _ 1996 წლის ივლისში. ამ აფეთქების სიმძლავრე 1 კილოგრამი ტროტილის ექვივალენტი იყო.
აფეთქებამ 4 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 14 დაიჭრა. აღნიშნულ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჩეჩენმა ტერორისტებმა თავის თავზე აიღეს, თუმცა საქმე გაუხსნელი დარჩა.
2000 წლის აგვისტოში მესამე აფეთქება მეტროსადგურ "პუშკინსკაიას" მიწისქვეშა გადასასვლელში მოხდა. ამ აფეთქებამ 13 ადამიანის სიცოცხლე წაიღო.
2001 წლის თებერვალში მოსკოვის მეტროპოლიტენში მეოთხე აფეთქება მოხდა, თუმცა ბედნიერი შემთხვევის წყალობით მას ადამიანების სიცოცხლე არ წაუღია.
მეხუთე აფეთქება მოსკოვის მეტროპოლიტენში 2004 წლის თებერვალში მოხდა და იგი ყველაზე მასშტაბური იყო. ტერორისტმა-თვითმკვლელებმა მაშინ 4 კილოგრამი ტროტილის ექვივალენტის სიმძლავრის აფეთქება მოაწყო. ამ ტერორისტულმა აქტმა 41 ადამიანის სიცოცხლე წაიღო.
ამ აფეთქებიდან შვიდი თვის შემდეგ მოსკოვის მეტროპოლიტენში მეექვსე აფეთქება მოხდა, რომელმაც 10 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამ ტერაქტის შემსრულებლებს და მათ თანამონაწილეებს სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი.
მასალის გამოყენების პირობები