"სი-ენ-ენის" ინფორმაციით, მოსკოვის მეტროში მომხდარ აფეთქებაზე ჩეჩენი სეპარატისტები პასუხისმგებლობას არ იღებენ.
ამ ინფორმაციას "სი-ენ-ენი" ჩეჩენ სეპარატისტებთან დაახლოებულ საიტზე დაყრდნობით ავრცელებს. "ენ-ბი-სის" ცნობით კი ტერორისტული აქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც აფეთქებას ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიეცა რუსეთში ჩეჩენი სეპარატისტების თემა გაიხსენეს.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის მეტროში დღეს დილით, 29 მარტს, ორი აფეთქება მოხდა. პირველი აფეთქება მეტროსადგურ "ლუბიანკაზე" 07:56 საათზე, მეორე კი "პარკ კულტურიში" 08:39 საათზე დაფიქსირდა.
დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ყოველ წუთს იცვლება. ამ დროისთვის 35 გარდაცვლილის შესახებ საუბრობენ, რომელთა შორის არიან როგორც მეტროს მატარებელში, ისე სადგურის პლატფორმაზე მყოფი მოქალაქეებიც.
გარდაცვლილების გარდა არიან დაშავებულებიც. ამ დროისთვის მოსკოვის სხვადასხვა საავადმყოფოში 62-ზე მეტი მოქალაქეა გადაყვანილი. აღსანიშნავია, რომ მათი სამედიცინო დაწესებულებებში ტრანსპორტირება ვერტმფრენებით ხდება, რადგან რუსეთის დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში გზები პარალიზებულია.
მომხდარ აფეთქებებთან და გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებისგან ინფორმაცია უკვე მოისმინა რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა.
მასალის გამოყენების პირობები