,,მნიშვნელოვანია, იცოდნენ ჩვენმა პარტნიორებმა, რომ პროცესი, რომელიც დაიწყო 2008 წელს, რეალურად გრძელდება 2014 წელს", _ამის შესახებ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ,,ამბასადორიალზე" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინაში განვითარებული მოვლენები საქართველოში 2008 წელს განვითარებული პროცესების გაგრძელებაა.
,,ბოლო წლის განმავლობაში, ჩვენი რეგიონისთვის და ალბათ, არამარტო ჩვენი რეგიონისათვის, არამედ გლობალურად, მსოფლიოს უსაფრთხოების სისტემები მნიშვნელოვანწილად შეირყა და გამოცდის წინაშე დადგა. ჩვენ ვიზიარებთ იმ პროცესს, რომელიც მოხდა უკრაინაში 2014 წელს, როგორც უშუალო გაგრძელებას 2008 წლის მოვლენებისა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პოზიცია და ეს მესიჯი იცოდნენ ჩვენმა პარტნიორებმა, რომ ის პროცესი, რომელიც დაიწყო 2008 წელს, რეალურად გრძელდება 2014 წელს და საქართველო ერთმნიშვნელოვნად მიმართულია იმისკენ, რომ მოხდეს ამ პროცესების სტაბილიზაცია და მშვიდობის ჭრილში გადაყვანა. ამ თვალსაზრისით ხაზგასასმელია ჩვენი დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციის მიმართ და მე აქ მინდა ხაზი გავუსვა ამ პოზიციას, იმიტომ რომ რუსეთთან ურთიერთობა არ არის მხოლოდ ქართულ-რუსული ურთიერთობები, არამედ ეს არის ურთიერთობები ყველა ქვეყანასთან, ამაზე საუბარი მიმდინარეობს ყველა ქვეყანასთან. საქართველო აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ რუსეთთან ურთიერთობამ კონსტრუქციულ კონტექსტში გადაიტანოს. ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, შეიცვალოს პარადიგმა პრივილეგირებული სფეროების და ურთიერთობა გადავიდეს ეკონომიკური თანამშრომლობის, რეგიონული თანამშრომლობის ჭრილში", - განაცხადა მარგველაშვილმა.