,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" 2014 წლის 12 ივლისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს აფასებს და აცხადებს, რომ იგი მნიშვნელოვანი პრეცედენტი იყო ქართული არჩევნების ისტორიაში.
,,სამართლიანი არჩევნები" მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მნიშვნელოვანი პრეცედენტი იყო ქართული არჩევნების ისტორიაში. მეორე ტურის ჩატარების საჭიროებამ დაადასტურა, რომ საქართველოში კონკურენტული საარჩევნო გარემო ვითარდება, რა დროსაც არც ერთ პარტიას, მათ შორის მმართველ ძალას, გარანტირებული არა აქვს არჩევნებში გამარჯვება პირველივე ტურში. მიგვაჩნია, რომ აღნიშნულით ქვეყანაში არჩევნების ჩატარების უფრო დემოკრატიული სტანდარტი შეიქმნა",_აცხადებენ ,,სამართლიან არჩევნებში".
ორგანიზაციის ინფორმაციით, კენჭისყრის და ხმის დათვლის პროცესმა ჩაიარა მშვიდ გარემოში
,,რაც შეეხება არჩევნების დღის შეფასებას, „სამართლიანი არჩევნების" PVT მეთოდოლოგიით მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კენჭისყრის და ხმის დათვლის პროცესმა ჩაიარა მშვიდ გარემოში. სამწუხაროდ, ცალკეულ საარჩევნო ოლქებში საარჩევნო უბნების გარეთ დაფიქსირდა პოლიტიკური პარტიების აქტივისტებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტები. თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნული შემთხვევები დაფიქსირდა საარჩევნო უბნების გარეთ, ისინი ვერ მოხვდა ,,სამართლიანი არჩევნების" PVT მეთოდოლოგიით დაკვირვების არეალში. არჩევნების დღეს გამოიკვეთა ერთი საყურადღებო ტენდენცია, როდესაც 19 საარჩევნო ოლქის 73 საარჩევნო უბანზე მისული 140 ამომრჩეველი არ იყო საარჩევნო სიებში რეგისტრირებული. ამათგან 53 ამომრჩეველმა განაცხადა, რომ 15 ივინისის არჩევნების პირველ ტურში მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა", _ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
,,სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლების ინფორმაციით, საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრისა და ხმის დათვლის დროს მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაფიქსირებულა. რამდენიმე უბანზე გამოვლინდა ისეთი სახის პროცედურული ხარვეზები, რომლებიც გავლენას ვერ მოახდენდა არჩევნების საბოლოო შედეგებზე. ერთი გამონაკლისის გარდა ,,სამართლიანი არჩევნების" ყველა დამკვირვებელს მიეცა დაკვირვების შეუზღუდავად განხორციელებისა და რეაგირების შესაძლებლობა.