ჰოლანდია, დიდი ბრიტანეთი და აშშ ულოცავს საქართველოს უმნიშვნელოვანეს არჩევნებს. ამის შესახებ, აღნიშნულია სამივე ქვეყნის საელჩოების მიერ მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ,,ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ: ,,ჰოლანდია, დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები ულოცავს საქართველოს უმნიშვნელოვანეს არჩევნებს, რომლის დროსაც პირველად, ამომრჩევლებმა პირდაპირი წესით აირჩიეს ყველა მერი და გამგებელი. შაბათს ჩატარებული მეორე ტურის არჩევნები ასახავს კონკურენტულ პოლიტიკურ გარემოს.
ჩვენს ერთობლივ დამკვირვებელთა მისიაში შედიოდა 56 მონიტორი ამერიკის, ბრიტანეთისა და ნიდერლანდების საელჩოებიდან. მათ მოიარეს 10 საარჩევნო ოლქი და 300-ზე მეტი უბანი მოინახულეს. ჩვენ მივესალმებით სხვა საერაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებელთა ძალისხმევას. მათთან ერთად, ჩვენი დამკვირვებლებიც აღნიშნავენ ზოგადად არსებულ მშვიდ საარჩევნო გარემოს, მათ მიერ მიმოხილულ 1525 უბანზე, მცირე რაოდენობის დარღვევებით. ჩვენ ვულოცავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მათ პროფესიონალიზმს, რაც აისახა მიმდინარე არჩევნების წარმატებით ადმინისტრირებისას", _ნათქვამია გავრცელებულ განცახდებაში.