ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური დასრულდა. 20:00 საათზე ყველა საარჩევნო ოლქის საარჩევნო უბნები დაიხურა.
ამომრჩევლებს, უკვე მეორედ, მერებისა და გამგებლების არჩევა 8 თვითმმართველ ქალაქსა და 13 მუნიციპალიტეტში მოუწიათ.
დედაქალაქთან ერთად, მერების ასარჩევად მეორე ტური რუსთავში, მცხეთაში, გორში, თელავში, ოზურგეთში, ბათუმსა და ფოთში გაიმართა.
თბილისში "ქართული ოცნების" კანდიდატი დავით ნარმანია და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ნიკა მელია დაუპირისპირდნენ. კოალიცია "ქართული ოცნებისა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები მერობისთვის იბრძოდნენ ასევე რუსთავში, ბათუმსა და თელავში.
რაც შეეხება დანარჩენ თვითმმართველ ქალაქებს - ქალაქ გორში მეორე ტურში "ქართული ოცნებისა" და "ირაკლი ოქრუაშვილი-ქართული პარტიის" მერობის კანდიდატები იყრიდნენ კენჭს. ოზურგეთსა და ფოთში კი ერთმანეთს "ქართული ოცნების" და "დავით თარხან-მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" მერობის კანდიდატები დაუპირისპირდნენ.
ამომრჩევლები, მერებთან ერთად, გამგებლებს 13 მუნიციპალიტეტში: ახმეტაში, ყვარელში, გორში, თიანეთში, მარტვილში, ქობულეთში, ბაღდათში, ხონში, ტყიბულში, ლანჩხუთში, თერჯოლაში, თელავსა და ხულოში ირჩევდნენ.
არჩევნების მეორე ტურს 20-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციის 3700 წარმომადგენელი აკვირდებოდა. ხოლო კენჭისყრის პროცესს 130-მდე მედია ორგანიზაცია აშუქებდა.
მასალის გამოყენების პირობები