მთავრობა ანაკლიაში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის საკითხს განიხილავს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობა აღნიშნული მიმართულებით უკვე მუშაობს.
„ვფიქრობთ, რომ ეს შესაძლოა გახდეს მნიშვნელოვანი სტიმული იმ საწარმო ზონის განვითარების, რომელიც გათვალისწინებულია პორტის მშენებლობის პარელურად", - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.
მინისტრის თქმითვე, ანაკლიაში პორტის მშენებლობის პარალელურად, განიხილება ასევე სხვადასხვა შეღავათების დაწესებაც, თუმცა საკითხი ჯერ იდეის დონეზეა და მისი განხორციელება ბევრად იქნება დამოკიდებული იმ ინვესტორზე, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობით დაინტერესდება.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის თავისუფალი ინდუსტრიული უკვე შექმნილია ქუთაისსა და ფოთში.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, საქართველოს მთავრობის სახელით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე ინტერესთა გამოხატვა უკვე გამოაცხადა.
"მე მჯერა, რომ ანაკლიის პორტი იქნება ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათი საქართველოსთვის და ეს პროექტი ისტორიულ მნიშვნელობას შეიძენს. ჩვენ ამ საკითხზე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და პორტის აშენების გადაწყვეტილება მივიღეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩატარდა კვლევები და დაიდო კვალიფიციური დასკვნა. საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე სიცოცხლისუნარიანი და პერსპექტიული პროექტია"- განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე და ეკონომიკურ სარგებელზე დეტალურად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილმა დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაციის სახით გააცნო ის შესაძლებლობები, რითიც ანაკლიის ღრმაწყლოვანმა პორტმა უნდა უზრუნველყოს ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო ტვირთბრუნვის გაზრდა და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის კიდევ უფრო განვითარება.
"ანაკლიის პორტი გახდება საქართველოს მთავარი საზღვაო კარიბჭე, სამხრეთ კავკასიის რეგიონის ერთ-ერთი მთავარი ლოგისტიკური ცენტრი. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად დაიხარჯება ასობით მილიონი დოლარის უცხოური და ადგილობრივი ინვესტიცია, პორტის მიმდებარედ ამოქმედდება ლოგისტიკური ცენტრები, განვითარდება ეკონომიკური კლასტერი და შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, რაც ხელს შეუწყობს არა მხოლოდ სამეგრელოს რეგიონის, არამედ მთელი ქვეყნის განვითარებას. მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ანაკლიის პორტის მშენებლობა იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით" - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პოტენციური ინვესტორებისგან ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტისა და სატრანსპორტო კვანძის განვითარებისადმი ინტერესთა გამოხატვის ვადა 2014 წლის 1 ოქტომბერს დასრულდება. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, კანდიდატების შერჩევა მოხდება გამჭირვალე პროცედურებით და განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება მათ გამოცდილებაზე ანალოგიური სირთულის, მასშტაბისა და ტიპის პროექტების განვითარების, მართვისა და დაფინანსების კუთხით.