უკრაინის ხელისუფლების მიერ წარმოებულმა წარმატებულმა ანტიტერორისტულმა ოპერაციამ აფხაზი სეპარატისტების უკმაყოფილება გამოიწვია. ამასთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ამ ერთ-ერთ რეგიონში მოქმედმა ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
განცხადებაში ანტიტერორისტულ ოპერაციას სეპარატისტები „სადამსჯელო ოპერაციად" მოიხსენებენ და მისი წარმატების გამო უკმაყოფილებას გამოხატავენ.
„აფხაზეთში დიდი შეშფოთებითა და თანაგრძნობით ადევნებენ თვალს უკრაინაში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს. კიევის ხელისუფლების დასამსჯელო ოპერაციებმა მშვიდობიანი მოქალაქეების უბედურება გამოიწვია.
უხეშად ირღვევა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრები ადამიანების უფლებები, იზრდება ლტოლვილების რაოდენობა და მსხვერპლი",_ ნათქვამია სეპარატისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ ბოევიკები, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, რომლებსაც აფხაზი სეპარატისტები „აღმოსავლეთ უკრაინელი მოხალისეებს" უწოდებენ „საკუთარ ოჯახებსა და თავის მიწას კიევის ხელისუფლებისგან იცავენ".
„დასავლეთის მხარდაჭერით მიმდინარეობს სამხრეთ აღმოსავლეთ უკრაინელი მოხალისეების წინააღმდეგ ბრძოლა. ისინი კი თავის ოჯახებსა და თავის მიწას კიევის ხელისუფლებისგან იცავენ.
მიუხედავად პოროშენკოს სამშვიდობო გეგმისა სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში სისხლისღვრა გრძელდება. კიევი იყენებს ნებისმიერ საშუალებას იმისათვის, რომ მოქალაქეების წინააღმდეგ სადამსჯელო ოპერაციები განახორციელოს.
კიევის მცდელობები კი მხოლოდ და მხოლოდ ძალისმიერი მეთოდებით გადაჭრას პრობლემები საერთაშორისო სამართალთან შეუსაბამობაში მოდის", _ ნათქვამია სეპარატისტების განცხადებაში.
მათივე თქმით, ძალადობრივი მშვიდობის პრაქტიკა დამღუპველია, რასაც ქართულ-აფხაზური ურთიერთობებიც თვალნათლივ ადასტურებენ.
„ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ისტორიის ნაღვლიანი ფურცლები არაერთხელ ადასტრურებს ძალადობრივი მშვიდობის პრაქტიკისა და ხალხების ენობრივი თვითმყოფადობისა და ეთნოკულტურულ უპატივცემულობის დამღუპველობას, რითიც ყოველთვის გამოირჩეოდა საქართველოს მიდგომა აფხაზეთთან და მის ხალხთან.
ჩვენ კარგად ვიცით, რომ ძალისმიერი მეთოდით შედენო ხალხი მათთვის უცხო სივრცეში უპერსპექტივოა",_ ნათქვამია განცხადებაში იქვე უკმაყოფილებაა გამოთქმული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ყოფნის გამო.
„ნეგატიური პარალელები უკრაინასა და საქართველოს შორის, რომელმაც მცირე ხნის წინ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი ამით არ სრულდება. კიევის მიერ მრჩევლად მიწვეული გაკოტრებული ქართველი პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი ცდილობს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე სადამსჯელო ოპერაციის მთავარ სტრატეგად წარმოჩინდეს.
მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას 3 ივლისს რუსეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების დეკლარაცია დაიცვან, განსაკუთრებით ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყების ნაწილში.
აფხაზეთი მზადყოფნას აცხადებს აუცილებლობის შემთხვევაში ნებისმიერი პოლიტიკური დახმარება გაუწიოს სამშვიდობო პროცესს უკრაინაში. როგორც რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი რუსეთის ფედერაციის ქმედებების სრულ მხრდაჭერას ვაცხადებთ უკრაინის კრიზისის დარეგულირების საკითხში",_ ნათქვამია სეპარატისტების განცხადებაში.