რუსეთთან „თეთრი ფურცლიდან" ურთიერთობის დაწყება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებობის აღიარებას და ამ ტერიტორიებზე უარის თqმას ნიშნავს. ეს კრემლის პოზიციაა",_ ასე ეხმაურება სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას პოლიტიკური გაერთიანება "ევროპელი დემოკრატების" ლიდერი პაატა დავითაია საქართველო შს მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას რუსეთთან ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყების შესახებ.
„განცვიფრებული ვარ შს მინისტრის განცხადებით. ეს ადამიანი ალბათ ვერ ერკვევა საერთოდ პოლიტიკაში. შეიძლება ასე იყოს. შეიძლება ის იყოს კარგი ოპერ-თანამშრომელი, ამას არ გამოვრიცხავ, მაგრამ როგორც პოლიტიკოსის და როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირის განცხადება არის სუფთა აბსურდი",_ აცხადებს დავითაია და აღნიშნავს, რომ ჭიკაიძის მიერ გაკეთებული განცხადებაზე კრემლის პოზიციას სრული სიზუსტით ემთხვევა.
„რუსეთთან თეთრი ფურცლიდან ურთიერთობის დაწყება ნიშნავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებობის აღიარებას და ამ ტერიტორიებზე უარის თმას.
რუსეთმა აღიარა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა და მისი პოზიცია დღემდე მდგომარეობს იმაში, რომ ამ „აღიარების" შემდეგ ვილაპარაკოთ „სუფთა ფურცლიდან".
ეს არის კრემლის პოზიცია წლების განმავლობაში და განცვიფრებული ვარ, რომ შს მინისტრი ასეთ განცხადებას აკეთებს და სიტყვასიტყვით იმეორებს რუსეთის პოზიციას",_ აცხადებს დავითაია.
მისივე თქმით, წარმოუდგენელია მინისტრის მიერ გაკეთებული ეს განცხადება შეიძლება პოლიტიკური ძალოვანი სტრუქტურის პოზიცია იყოს.
„ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ არ მინდა არავინ არაფერში დავადანაშაულო და აგენტობა დავაბრალო, ვინაიდან ეს აბსურდი იქნება, მაგრამ ეს ან უცოდინარობის ბრალია მინდა ასე დავიჯერო ან ვერც წარმომიდგენია, რომ ეს შეიძლება პოლიტიკური ძალოვანი სტრუქტურის პოზიცია იყოს.
არიან პოლიციელები ამ სტრუქტურაში, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის იბრძოდნენ და არამგონია მათ ესიამოვნოთ ასეთი გამონათქვამები.
მე შს სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ვარ და არამგონია, რომ ვინმეს ან ყოფილს ან მოქმედს ესიამოვნოს შს მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ ჩვენ რუსეთთან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყოთ. ეს ყოვლად მიუღებელი კრემლის პოზიციაა",_ აცხადებს პაატა დავითაია და აღნიშნავს, რომ დღეს სტრაზბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია.
„ეს არის ნათელი მაგალითი თუ როგორ იწყებოდა ქართველებისა და საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებები",_ აცხადებს გაერთიანება "ევროპელი დემოკრატების" ლიდერი პაატა დავითაია სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ განაცხადა, რომ
„საქართველო-რუსეთის ურთიერთობები უნდა დაიწყოს ახალი, სუფთა ფურცლიდან. ეს რაც იყო და რაც მოხდა, ძალიან სამწუხაროა და ეს წარსულში იყო და წარსულს ჩაბარდა"