თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის ირაკლი შოთაძის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ არანაირი ნებართვა ქვეყნის დატოვებაზე როგორც ბრალდებულს არ სჭირდება.
,,პროკურატურა იტყუება. არანაირი ნებართვა ქვეყნის დატოვებაზე მე, როგორც ბრალდებულს არ მჭირდება, რადგან ამას სასამართლო აწესებს და არა გამოძიება. სამარცხვინოა, რომ მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ეს არ იცის, ან შეგნებულად ატყუებს საზოგადოებას. რაც მთავარია, შოთაძის აღიარებით მე გუშინ მხოლოდ იმ მოტივით წამიყენეს, რომ "თითქოს ოპერატიული მონაცემების მიხედვით მივდიოდი და არ ვბრუნდებოდი და რომ ჩემი მეუღლე საზღვარგარეთ იმყოფებოდა". დავუშვათ და ასეა, მე რომ არ გადამეწყვიტა ევროსაბჭოს კონგრესის სხდომაზე წასვლა ბრალს არ წამიყენებდნენ?!. იაფფასიან და გაუნათლებელ მატყუარათა თავყრილობად ჩამოყალიბდა პროკურატურა. Pპ.ს. რაც ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში 19-ჯერ მაქვს გადაკვეთილი საზღვარი ( მათ შორის მეუღლესთან ერთად). როგორც ჩანს, ივანიშვილი-ღარიბაშვილი საკუთარი გადმოსახედიდან უყურებენ სხვებს. მაგ ბედნიერებას არასდროს მოგანიჭებთ. წავიდე და აქ გაძახებინოთ გაიქცაო! აქ ვარ, ვდგავარ და მიდით თუ თავი გაქვთ წამაქციეთ", _აცხადებს უგულავა.
პროკურატურა თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავასთვის გირაოს შეფარდებას ითხოვს. Aამის შესახებ ჟურნალისტებთან მთავარი პროკურატურის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ განუცხადა.
მისივე განცხადებით, პროკურატურა თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავასთვის აღმკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლოს დღეს მიმართავს.
„საგამოძიებო სამსახურმა ინფორმაცია, მიიღო რომ უგულავა საქართველოდან გამგზავრებას აპირებდა და უკან დაბრუნდებას აღარ აპირებდა, რაც დასტურდებოდა იმით, რომ მას თვითმფრინავის ბილეთი ჰქონდა აღებული. ასევე, ბილეთი ჰქონდა აღებული მისი ოჯახის წევსაც.. გიგი უგულავა ბრალდებულის სტატუსით სარგებლობდა და მისი მიმართ მიმდინარეობს სასამართლოში არსებითი განხილვა. უგულავას გამგზავრების შესახებ არ შეუტყობინებია არც პროკურორისთვის და არც მოსამართლისთვის და ვინაიდან მის მიერ ქვეყნის დატოვების ვარაუდი საკმაოდ მაღალი იყო, პროკურატურამ საგამოძიებო სამსახურთან ერთად ზომები მიიღო, რათა გიგი უგულავას არ აერიდებინა პასუხისმგებლობისათვის თავი ", -განაცხადა შოთაძემ.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ქ.თბილისის ყოფილი მერი გიორგი უგულავა.
გამოძიებით დგინდება, რომ 2007 წლის 07 დეკემბერს, შპს „სი-ტი პარკსა" და ქ.თბილისის მთავრობას შორის გაფორმდა ხელშეკრულება ,,პარკირების სფეროს მართვის უფლების იჯარის გაცემის შესახებ", რომლის თანახმად თბილისში პარკირების მომსახურების გაწევა გადავიდა ექსკლუზიურად შპს „სი-ტი პარკ"-ზე, რომლიდანაც მიღებული შემოსავლის (ჯარიმების) 60%-ს მიიღებდა ქ.თბილისის მთავრობა, ხოლო 40%-ს შპს „სიტი პარკი". ამავე ხელშეკრულების თანახმად, შპს „სი-ტი პარკს" მიეცა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით - საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის და ამავე კოდექსის 1252 მუხლით დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევისათვის მოქალაქეთა დაჯარიმების უფლება.
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის თანახმად - საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის მიღებული შემოსავლის 40% უნდა წარიმართოს ცენტრალურ ბიუჯეტში, 60% ადგილობრივი ბიუჯეტში, ხოლო ამავე კანონის თანახმად, პარკირების წესების დარღვევისთვის შედგენილი საჯარიმო თანხები ავტომატურად მიიმართება ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.
მიუხედავად აღნიშნულისა, გიორგი უგულავამ, რომელსაც 2006-2013 წლებში ეკავა ქ.თბილისის მერის თანამდებობა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შპს ,,სი-ტი პარკი''-ს მიანიჭა არამართლზომიერი უპირატესობა, რაც გამოიხატა სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივი განკარგვით ზემოაღნიშნული კომპანიისათვის შემოსავლის ხელოვნურად გაზრდაში.
კერძოდ, გიორგი უგულავამ შპს ,,სი-ტი პარკი''-ს სასარგებლოდ, 2009 წლის 11 თებერვალს გამოცემული ბრძანების დანართში განზრახ არასწორი სახაზინო კოდი მიუთითა, რის საფუძველზე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის თბილისელების მიერ გადახდილი ჯარიმის თანხის 40%, ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტისა, გადაირიცხა შპს ,,სი-ტი პარკი''-ს ანგარიშზე.
ამავდროულად, გიორგი უგულავას გადაწყვეტილებით, ქ.თბილისის მერიასა და შპს ,,სი-ტი პარკს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში 2011 წლის 06 აპრილს შევიდა ცვლილება N3, რის საფუძველზე კვლავ კომპანიის სასარგებლოდ შეიცვალა ჯარიმებიდან მიღებული შემოსავლების განაწილების წესი, კერძოდ: მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისათვის შპს ,,სი-ტი პარკი" თბილისში საქმიანობით სოლიდური მოგებას იღებდა და სახელმწიფოს მხრიდან არ არსებობდა კომპანიისათვის რაიმე დამატებითი შეღავათის დაწესების აუცილებლობა, შპს „სი-ტი-პარკმა" ხსენებული ცვლილებით თბილისელების მიერ გადახდილი თითოეული ჯარიმიდან დამატებით მიიღო 3 ლარი, 40% წარიმართა კომპანიის ანგარიშზე.
ამდენად, ქ.თბილისის მერმა - გიორგი უგულავამ, ცენტრალური ბიუჯეტის განზრახ იგნორირებით, კანონთან შეუსაბამო ბრძანების საფუძველზე შპს ,,სი-ტი პარკის"-თვის დამატებითი შეღავათების დაწესებით, კომპანიის სასარგებლოდ მთლიანობაში გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 1 086 718 ლარის ოდენობით.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.