დღეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სამუშაო ვიზიტით ტაჯიკეთის რესპუბლიკის მიწის რეგისტრაციისა და კადასტრის სისტემის განმახორციელებელი ცენტრის დელეგაცია ესტუმრა. ვიზიტის მიზანი, უძრავი ქონების რეგისტრაციის სფეროში საქართველოს, როგორც ტოპ-რეფორმატორი ქვეყნის გამოცდილების გაზიარებაა.
ვიზიტის განმავლობაში, ტაჯიკეთის დელეგაციის წევრები გაეცნობიან ქონების რეგისტრაციის სისტემის ქართულ მოდელს და ამ მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს, რეგისტრაციის გამარტივებულ პროცედურებს და ელექტრონულ სერვისებს, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის პროექტს, დამისამართების პროექტს, საკადასტრო მონაცემების დამუშავებისა და ელექტრონული რუკების შექმნის პროცესებს, ავტორიზებული პირების საქმიანობას და სხვ.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია თბილისის იუსტიციის სახლის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზის, GEOCORS-ის სისტემის საკონტროლო ცენტრის, სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის ინფრასტრუქტურის, სარეზერვო სისტემის, სააგენტოს არქივისა და სკანირების ცენტრის დათვალიერება.