ბათუმში საქართველოს რესპირაციული ასოციაციის მე-4 საერთაშორისო კონგრესი გაიხსნა.
„პატივცემულო კოლეგებო, სტუმრებო ჩემთვის დიდი პატივია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელით მოგესალმოთ რესპირაციული ასოციაციის მეოთხე საერთაშორისო კონგრესის მონაწილეებს. ეს კონგრესი იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ მიმდინარე წელს ასოციაციის დაარსებიდან 10 წელი სრულდება. კონგრესი ძალზედ მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ჩვენს კოლეგებს ეძლევათ საშუალება გაუზიარონ ერთმანეთს უახლესი ინფორმაცია რესპირაციული სისტემის დაავადებათა დიაგნოსტიკასა და მართვის საკითხებში და ეს უახლესი ინფორმაცია გამოყენებული იქნება პრაქტიკულ მედიცინაში. კიდევ ერთ მნიშვნელობას მინდა გავუსვა ხაზი, ყველა ასეთი შეხვედრა გვაძლევს საშუალებას გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება კოლეგებს, ვისაუბროთ იმ წარმატებებსა და პრობლემებზე, რომლებიც გვხვდება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. ვიმსჯელოთ მათი გადაწყვეტის საშუალებებსა და გზებზე. შევიძინოთ ახალი მეგობრები. მინდა გისურვოთ, რომ კონგრესში მონაწილეობა ყოფილიყოს თქვენთვის ნაყოფიერი და მიღებული ახალი ინფორმაციები აქტიურად გამოიყენოთ თქვენს პრაქტიკულ საქმიანობაში"-განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ სიტყვით მისალმებისას.
კონგრესში 18 ქვეყნის 800-მდე დელაგატი მონაწილეობს. კონგრესის თემატიკა შეეხება რესპირაციული მედიცინის ყველა ასპექტს: ონკოლოგია და ქირურგია, კრიტიკული მედიცინა და ინფექციები, ტუბერკულოზი და ასთმა, ალერგია და ფილტვის ქრონიკული დააავადებები, პედიატრია და ნეონატოლოგია.
კონგრესის ძირითადი მიზანია ქართველ და უცხოელ ექიმებს მიაწოდოს უახლესი ინფორმაცია რესპირაციული სისტემის დაავადებათა დიაგნოსტიკის და მართვის შესახებ. ყველა მოხსენება ორიენტირებული იქნება პირველადი ჯანდაცვის თუ სტაციონარის პრაქტიკოს ექიმზე და მის ყოველდღიურ საქმიანობაზე. ეს კონგრესი, ისევე როგორც წინა ორი, ორგანიზებულია აჭარის მთავრობასთან და უმაღლეს საბჭოსთან ერთდ და ტარდება მთავრობის თავმჯდომარის, ბატონ არჩილ ხაბაძის პატრონაჟით.
საქართველოს რესპირაციული ასოციაცია შეიქმნა 2004 წელს. ასოციაციის მიზანია რესპირაციული მედიცინის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში. ასოციაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: სასწავლო-საგანმანათლებო, სამეცნიერო-კვლევითი, საინფორმაციო, სამედიცინო, ანალიტიკური, საკონსულტაციო საქმიანობა, ტრენინგების, სემინარების, კონფერენციების, კონგრესების და სხვა სახის სამუშაო შეხვედრების მოწყობა, საგამომცემლო საქმიანობა ადგილობრივ და საზღვარგარეთის სამედიცინო პროფესიულ ორგანიზაციებთან საქმიანი კონტაქტების დამყარება და გამოცდილების გაზიარება.
ასოციაციას საქართველოს ყველა რეგიონში აქვს რეგიონული ორგანიზაცია, რეგულარულად უშვებს „საქართველოს რესპირაციულ ჟურნალს", მის მიერ მომზადებულია და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებულია 6 ეროვნული გაიდლაინი სასუნთქი სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკის და მართვის შესახებ.
ასოციაცია რეგულარულად ატარებს რეგიონულ კონფერენციებს. დღეისთვის ჩატარებულია კონფერენციები საქართველოს ყველა რეგიონში: კახეთი, ქვემო და შიდა ქართლი, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო, გურია, აჭარა. ასოციაცია ასევე რეგულარულად ატარებს საერთაშორისო კონგრესებს. პირველი კონგრესი ჩატარდა 2007 წელს, თბილისში და მასში მსოფლიოს 13 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, მეორე კონგრესი ჩატარდა ბათუმში, 2010 წელს და მასში მსოფლიოს 16 ქვეყნის დელეგატები მონაწილეობდნენ, მესამე კონგრესი ჩატარდა ბათუმში 2013 წელს, წინა კონგრესებისგან განსხვავებით ის მონოთემატური იყო და ეძღვნებოდა მხოლოდ ასთმას და ალერგიას და მასში მხოლოდ ქართველი და თურქი ექიმები მონაწილეობდნენ.