ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები", ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, თბილისის ათივე ოლქში დააკვირდა. ორგანიზაციამ 17:00 საათის მდგომარეობით, უკვე წამოადგინა დედაქალაქის 100 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობის სტატისტიკა. ორგანიზაციის შეფასებით, აღნიშნული უბნების 128734 ამომრჩევლიდან, 17:00 საათისთვის, საკუთარი არჩევანი გააკეთა 39045 ამომრჩეველმა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 30,33% შეადგენს.
ორგანიზაციის თანადამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში, დედაქალაქის მოსახლეობის ნაკლები ჩართულობა თავად მოქალაქეების მხრიდან თვითმმართველობის არჩევნების მიმართ ტრადიციული, ნაკლები ინტერესიდან გამომდინარეობდა. დედაქალაქის მასშტაბით, არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა და დაფიქსირებულ პროცედურული ხასიათის დარღვევებს, არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენა არ შეეძლო.
„ახალგაზრდა ადვოკატების" განცხადებით, დედაქალაქისგან განსხვავებით, არსებით დარღვევებს ჰქონდა ადგილი რეგიონებში. ორგანიზაცია გამოთქვამს იმედს, სამართალდამცავი ორგანოები დროულად გამოიძიებს ბათუმის, ზუგდიდისა და მარტვილის შემთხვევებს, ხოლო იდენტიფიცირებული პრობლემური საკითხები პრევენციის მიზნით, სათანადოდ იქნება შესწავლილი.
„ახალგაზრდა ადვოკატების" ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის #9 საარჩევნო უბანზე, საარჩევნო სუბიექტის მაჟორიტარი კანდიდატი ამომრჩევლის მიმართ აგიტაციას აწარმოებდა. კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" გოჩა კაკალაძე, მთელი დღის მანძილზე, არ ტოვებდა საარჩევნო უბანს და ადგილზე მოძრაობდა უცნობი ავტომობილით BOO 230, რომელიც უბანზე ამომრჩევლების მობილიზებას დილიდანვე ახდენდა.
„ახალგაზრდა ადვოკატები" დედაქალაქში ამომრჩეველთა ნაკლებ ჩართულობას არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხთან არ აკავშირებს და მიუთითებს, რომ მნიშვნელოვანია, ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგები, რომელიც თბილისისა და რეგიონების მიხედვით, არსებულ ვითარებას დააზუსტებს.
მასალის გამოყენების პირობები