კოალიცია "ქართული ოცნების" მარნეულის გამგებლობის კანდიდატი პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს.
მერაბ თოფჩიშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით გვიანობამდე მართავდა კონსულტაციებს დახურულ კარს მიღმა. ჯერჯერობით, უცნობია ვისთან გამართა შეხევდრა თოფჩიშვილმა.
მას გადაწყვეტილების მისაღებად ორდღიანი ვადა აქვს.
გვიან ღამით ხმაური იყო კოალიცია ,,ქართული ოცნების" ოფისთანაც, სადაც თოფჩიშვილის მხარდამჭერებმა პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს.
შეგახსენებთ, ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ურჩიოს მარნეულში გამგებლობის საკუთარ კანდიდატს მოხსნას საკუთარი კანდიდატურა.
„ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო მიიჩნევს, რომ რაიონში ეთნიკურ ნიადაგნზე ესკალაიციის გამორიცხვის მიზნით, პოლიტსაბჭო ურჩევს კოალიციის კანდიდატს, მოხსნას საკუთარი კანდიდატურა, ოპოზიციური კანდიდატების სასარგებლოდ.
"კოალიცია ,,ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ იმსჯელა და მარნეულში შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ მოახერხონ ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირების პროვოცირება, აგრეთვე თავიდან იქნეს აცილებული დამატებით სიტუაციის ესკალაცია, მიიღო გადაწყვეტილება ურჩიოს მარნეულის ,,ქართული ოცნების" კანდიდატს, მოხსნას არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა ეთნიკურად აზერბაიჯანელი 2 ოპოზიციური კანდიდატის სასარგებლოდ.ჩვენ ვარღვევთ წლების განმავლობაში დამკვიდრებულ მანკიერ პრაქტიკას, როდესაც, როგორც წესი, მარნეულში ხელისუფლება ამომრჩეველს თავს ახვევდა საკუთარ კანდიდატს და ყოველთვის იმარჯვებდა სახელისუფლებო კანდიდატი. აქამდე ყველა ხელისუფლება გადაწყვეტილებას იღებდა მხოლოდ საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე და ამას აყენებდა სახელმწიფოებრივ ინტერესზე მაღალა, რაც ხელს უწყობდა ქვეყანაში, საზოგადოებაში დაბალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებას.
იმის ნიშნად, რომ ჩვენი ხელისუფლებისთვის მთავარია სახელმწიფოს ინტერესები, საზოგადოებრივი თანხმობა და ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის ამაღლება, ვქმნით პრეცედენტს, როდესაც ხელისუფლება თავად ხსნის თავის კანდიდატურას ოპოზიციური კანდიდატების სასარგებლოდ", - ნათქვამია განცხადებაში.