,,პრემიერის განცხადება შეიძლება განვიხილოთ ერთგვარი კეთილის ნების ჟესტი", _განაცხადა ,,პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრმა დავით ზურაბიშვილმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის BBC-თვის მიცემული ინტერვიუს შეფასებისას.
,,ამ განცხადებას ნამდვილად არ განვიხილავ როგორც დათმობას. ამიტომაც მარტო ამაზე ყურადღების გამახვილება არ მგონია იყოს სწორი. პოლიტიკაში ხშირია განზრახულობებზე ლაპარაკი. როდესაც არ გინდა რომ რომელიმე ქვეყნიდან უფრო მეტი აგრესია არ გამოიწვიოს. ყველამ ვიცით რომ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული ჩვენი ტერიტორია და კანონიც მიღებულია ამასთან დაკავშირებით. აქ საუბარი იყო პირდაპირ შეერთებაზე. ამ შემთხვევაში პრემიერის ეს განცხადება შეიძლება განვიხილოთ ერთგვარი კეთილის ნების ჟესტი. რათა არ გავამწვავოთ რუსეთთან ურთიერთობა", - აცხადებს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინსტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა BBC-ს პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
ღარიბაშვილმა BBC-სთან ინტერვიუში ყურადღება გაამახვილა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პერსპექტივებზე.როგორც ღარიბაშვილმა განმარტა ახლმა მთავრობამ რუსეთთან ურთიერთობა რადიკალურად შეცვალა და ამ მიზნით კონსტრუქციული ნაბიჯები გადადგა.
პრემიერის განცხადებით, საქართველოს სურს გახდეს ევროკავშირის წევრი და პარალელურად რუსეთთანაც ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეს. როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა რუსეთი არ არის დაინტერესებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიერთებით.
,, აფხაზეთში აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია ვიდრე ყირიმში. თუ შევადარებთ აფხაზეთში, ე.წ სამხრეთ ოსეთში და ყირიმში არსებულ ვითარებას ძალიან დიდი შეცდომა მოგვივა. ამ ორ დეფაქტო, ე.წ სახელმწიფოებს სურვილი ჰქონდათ დამოუკიდებლობა მოეპოვებინათ და რუსეთმა აღიარა ორი დეფაქტო წარმონაქმნის დამოუკიდებლობა. მას შემდეგ პროგრესს ადგილი არ ჰქონია, რადგან ეს ორი ტერიტორია გახლავთ საქართველოს ნაწილი და ჩემი თვალსაზრისით რუსეთი დაინტერესებული არ არის ამ ორი ტერიტორიის მიერთებით", _განაცხადა ღარიბაშვილმა.