ლონდონში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარეს მარკ რეკლესს და ინტერპარტიული ჯგუფის წვერებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები ფართო სპექტრი განიხილეს. მინისტრმა ბრიტანელ პარლამენტარებს საქართველოში არსებულ მდგომარეობასა და ხელისუფლების მიერ გაწეულ საქმიანობაზე მიაწოდა ინფორმაცია. ინტერპარტიული ჯგუფის წევრებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს პროგრესს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას და იმ შესაძლებლობებს რასაც აღნიშნული შეთანხმება საქართველოს აძლევს.
ბრიტანელმა პარლამენტარებმა გამოხატეს საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფების მიმართ.
„ჩვენი ჯგუფი ხელს უწყობს დიალოგსა და კავშირების გაღრმავებას საქართველოსთან. მივესალმებით საქართველოში მომხდარ დემოკრატიულ ცვლილებებს. დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა ასოცირების ხელშეკრულება და მასთან დაკავშირებული საკითხები იყო. ასევე, დიდ ბრიტანეთში ჩვენ კმაყოფილები ვართ ახალი მთავრობის მუშაობით რუსეთის საკითხთან დაკავშირებით. ასევე ვაფასებთ მთავრობის ძალისხმევას დიალოგი აწარმოოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებთან"- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარემ მარკ რეკლესმა.
შეხვედრის შემდეგ მაია ფანჯიკიძე ინგლისის ლორდთა პალატაში მიიწვიეს, სადაც პარლამენტის ისტორიული დარბაზი დაათვალიერეს.